ფერმერები საირიგაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ
“ზაფხულში ვენახებს თუ ხეხილის ბაღებს სათანადოდ ვერ ვრწყავთ, მოსავალი გვიფუჭდება. სარწყავი სისტემა რომ გამართულად მუშაობდეს, პრობლემაც მოგვარდებოდა. ეს საკითხი ბევრი წელია გვაწუხებს და ვერა და ვერ მოგვარდა. საირიგაციო სისტემა უნდა მუშაობდეს გამართულად, რომ მოსავალი ზაფხულში გვალვის გამო აღარ გაფუჭდეს. გვალვის გამო ბევრი ოჯახი ზარალობს”, – აცხადებს Knews.ge-სთან ფერმერი თამრიკო მარტიაშვილი.
სარწყავი სისტემის გაუმართაობა ერთ–ერთი ის პრობლემური საკითხია, რაზეც კახეთში მცხოვრები ფერმერები წლებია საუბრობენ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერები ამბობენ, რომ გამართულ საირიგაციო სისტემაში წყლის დანაკარგი დიდი არ არის და მათ ნაკვეთებამდეც უპრობლემოდ მიდის.
სარწყავი სისტემის მოწესრიგება გაზრდის არა მხოლოდ ფერმერის შემოსავალს, არამედ მოსავლის რაოდენობასაც.
,,ძალიან ძნელია ვენახში თუ ნაკვეთში ვედრებით წყლის შეტანა და ისე მორწყვა. სოფლებში სარწყავი სისტემა მოწესრიგებული უნდა იყოს. გარდა იმისა, რომ შრომა წყალში გვეყრება, ფინანსურადაც ვზარალობთ და წლის სარჩოსაც ვერ ვაგროვებთ“, – ამბობს Knews.ge-სთან თემო ჯაჭვაძე.
რეაბილიტირებულ სარწყავ სისტემაში, ფაქტობრივად, წყალი არ მოდის. საირიგაციო სისტემის გაუმართაობაზე საუბრობს კოოპერატივის ,,გილე“ დამფუძნებელი იზოლდა ქიტესაშვილი. მას სხვადასხვა კენკროვანი კულტურები მოყავს.
,,წყალის გარეშე ვერაფერი იარსებებს – ვერც ადამიანი და ვერც მცენარე. ძალიან შეიცვალა გარემო კლიმატური პირობები. ჩვენთან სარწყავი სისტემას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, თუმცა უხარისხოდ. მაგალითად, 32–ე გამანაწილებელი არ ფუნქციონირებს, ზოგთან კი, კარგად მუშაობდა. აღმოჩნდა, რომ ძალიან უხარისხოდ გააკეთეს. რომ მოვიძიე აღმოჩნდა რომ პასუხისგებაში მიუციათ პირი, თუმცა ამან ჩემი პრობლემა ვერ მოაგვარა. ჩაატარეს სამუშაოები, თუმცა უპასუხისმგებლოდ. სახელმწიფომ გაიღო ხარჯები საკმაოდ სოლიდური, თუმცა, ჩვენ ისევ პრობლემები გვაქვს. ალბათ, სხვა გამანაწილებლებიდან დაგვჭირდება შლანგებით რომ მივიყვანოთ წყალი, სხვა გზა არ გვაქვს. დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. ყველა სამუშაოს თავისი დრო და ვადები აქვს, ჩვენ შუზღუდულები ვიყავით წყლის არ არსებობის გამო“.
,,საქართველოს მელიორაცია“, კახეთში, 4500 ჰექტარ სასოფლო–სამეურნეო მიწის ფართობზე, სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს.
საქართველოს მელიორაციის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ახაშენისა და ჩუმლაყის ტერიტორიაზე ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან 6 კილომეტრამდე სიგრძის საირიგაციო არხი იწმინდება.
,,სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 4500 ჰექტარ სასოფლო–სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფა, რაც ადგილობრივ ფერმერებს ხარისხიანი და უხვი მოსავლის მოყვანის შესაძლებლობას მისცემს. სარწყავ სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები აპრილის შუა რიცხვებში დასრულდება.”