ახალი ამბები

15 000 ჰექტარი საძოვრის იჯარაზე განცხადების მიღება გამოცხადდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ამჟამად განცხადების მიღება დაახლოებით 15 000 ჰექტარი საძოვრის იჯარაზეა გამოცხადებული.

როგორც ოთარ შამუგიამ პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას განმარტა, საძოვარს იჯარით ძირითადად ის ფერმერები მიიღებენ, რომლებსაც პირუტყვი ჰყავთ და საძოვარი ნამდვილად სჭირდებათ.

„საძოვრებთან მიმართებაში დავიწყეთ პროგრამა, დაახლოებით 15 000 ჰექტარი საძოვრის იჯარაზე არის ამჟამად გამოცხადებული განცხადების მიღება. მთლიანობაში 50 ჰექტარზე მეტია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე ინფორმაცია შეგროვებული. საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ (ქონების სააგენტოსთან და მუნიციპალიტეტთან შეთანხმება და ა.შ) დაინტერესებულ პირებს საძოვრების იჯარით აღება შეეძლებათ. ჩვენ საშუალებას ვქმნით, რომ ფერმერებმა რამდენიმე წლით ოფიციალურად სარგებლობაში აიღონ მიწა, მოუარონ და შესაბამისი საფასური გადაიხადონ. ისეთ პირობები გვაქვს ჩადებული, რომ იმ ფერმერებისთვის იყო ხელმისაწვდომი საძოვრები, ვისაც პირუტყვი ჰყავს“,- აღნიშნა შამუგიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში საძოვრებთან მიმართებაში პრობლემები არსებობს, რომელთა მოგვარებასაც მომავალში პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებით აპირებენ.

„ზოგადად 1 მლნ 700 ათას ჰექტარზე მეტი საძოვარია ქვეყანაში და მნიშვნელოვანია ამ საკითხის მოწესრიგება, ამიტომ დონორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ პოლიტიკის დოკუმენტზე, რომელიც შემდგომში უნდა გახდეს შესაბამისი პროექტის საფუძველი და ეს საკითხი მთლიანობაში უნდა დარეგულირდეს, რადგან საძოვრებთან მიმართებაში სხვადასხვა სახის პრობლემები არსებობს. პროგრამის განხორციელება არის პირველი ნაბიჯი, რომელიც სურათს დაგვანახებს, თუ როგორი გზით შეიძლება წავიდეთ“,- განაცხადა შამუგიამ.