თელავში ,,მშვიდობის პარკის” მოსაწყობად ტენდერი მეორედ გამოცხადდა
თელავში ორმილიონნახევრიან პროექტზე, მერიამ ტენდერი მეორედ გამოაცხადა. ელექტრონული ტენდერის ხელახლა გამოცხადების მიზეზი მისი ჩაშლა გახდა.
თელავის აღმოსავლეთ ნაწილში “მშვიდობის პარკის” მოსაწყობად, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი პირველ ჯერზე არ შედგა. არსებული ინფორმაციით, სატენდერო პირობებმა არცერთი კომპანია არ დააკმაყოფილა და 5 აპრილს, ტენდერი გამარჯვებულის გამოვლენის გარეშე დასრულდა. ტენდერის ჩავარდნის მიზეზებზე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტება არ გააკეთეს. ადგილობრივ თვითმმართველობაში, განაცხადეს, რომ ტენდერი ხელახლა გამოცხადდა.
,,მშვიდობის პარკის” მოწყობაზე ტენდერი მერიამ რამდენიმე დღის წინ ხელახლა გამოაცხადა და ის 26 აპრილს შედგება”,– განუცხადეს Knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
“მშვიდობის პარკის” მოსაწყობად, 2 518 787 ლარის ღირებულების ტენდერი, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ, 25 მარტს გამოაცხადა. პარკის მშენებლობა, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, 240 დღეში უნდა დასრულებულიყო. უწყების ინფორმაციით, პროექტის თანახმად, გამარჯვებულმა, თელავის აღმოსავლეთ ნაწილში სარეკრეაციო სივრცე უნდა მოაწყოს.
,,პარკის მშენებლობა, ველო და საფეხმავლო ბილიკების, სკეიდბორდისა და საბავშვო მოედნების, ფანჩატურების, სავარჯიშო და სხვა ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებასაც ითვალისწინებს. სივრცე სრულად ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებისათვის.
პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სტრატეგიული მიზანია თელავის ურბანული ტერიტორიის ინტეგრაცია, რეგიონულ ცენტრზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ურბანული ტერიტორიების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს თელავის, როგორც რეგიონული ცენტრის განვითარებას”,- აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები პარკის მშენებლობას დადებითად აფასებენ, თუმცა, მათი თქმით, ტენდერის ჩავარდნა კითხვის ნიშნებს აჩენს. მათივე განმარტებით, ამიტომ მერიამ საქმის გამჭვირვალედ შესრულებისთვის მეტი უნდა გააკეთოს.
,,არ ვიცი რა შეიძლება იყოს ტენდერის ჩავარდნის მიზეზი, ალბათ რამე არასწორად იყო გაკეთებული, მაგრამ, ზოგადად, უწყება მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოს ასეთ პროექტებს და საკითხებს. ტენდერის ჩავარდნის გამო ხომ გადაიწევს რაღაც ეტაპით პროექტის განხორციელება და თელავისთვის, როგორც ტურისტული ქალაქისთვის ეს არ იქნება კარგი.
მეტი გამჭვირვალობაა აუცილებელი. მიუხედავად ამისა, მე მომწონს პროექტი და მისი განხორციელების შემდეგ ქალაქს შეემატება კიდევ ერთი კარგი ადგილი, სადაც მოსახლეობას დასვენება და განტვირთვა შეეძლება”,- განუცხადა knews.ge-ს ლამარა ხატიაშვილმა.