თელავში სტიქიის შედეგად დაზიანებული შენობების გადახურვა დაიწყო
28 მარტს, თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანდა როგორც მრავალბინიანი, კერძო საცხოვრებელი სახლები და ადმინისტრაციული შენობები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სახურავების გადახურვის სამუშაოები უკვე დაიწყო. პროცესი ადგილზე მოინახულა თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ მეტრეველმა.
,,სტიქიის დაწყების დღესვე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია, მყისიერად გავედით შემთხვევის ადგილზე და დავიწყეთ დაზიანების აღრიცხვა.
სამუშაოების დაწყების შეფერხება უამინდობით იყო გამოწვეული, თუმცა მოსახლეობა უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია და შევიძინეთ სპეციალური ტენტები, ნალექისგან დასაცავად;, დღეს კი აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპისთვის უკვე მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ბინებისგადახურვის სამუშაოები.
მერიის შესაბამისი სამსახურები სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგს განახორციელებენ, რათა შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს სახურავების აღდგენა”, – განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.
თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიამ სულ 200-დე საცხოვრებელი სახლი დააზიანა. მთავრობის განკარგულებით, პირველ ეტაპზე განსახორციელებელი სამუშაოებისთვის, 900 000 ლარია გამოყოფილი.