ახალი ამბები

ქვეყანაში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატ „პაქსლოვიდის“ გამოყენება დაიწყო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატ „პაქსლოვიდის“ გამოყენება დაიწყო და ერთეული პაციენტები მკურნალობენ.

გაბუნია განმარტავს, რომ თუ პაციენტს წამლის მიღებისას დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, კლინიკის ექიმი შეაფასებს პაციენტის მდგომარეობას, კერძოდ, გააგრძელოს თუ არა მან მედიკამენტის მიღება.

“პაქსლოვიდის“ გამოყენება გასულ კვირას დაიწყო. ჯერ ერთეული პაციენტია, რომელიც მედიკამენტს იღებს. მედიკამენტს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების შემდეგ ოჯახის ექიმი ნიშნავს. პროტოკოლში გამოყოფილია კრიტერიუმები, რომლებიც პროგნოზულ რისკებზე მიუთითებს.

მაღალი პროგნოზული რისკის პაციენტებში, რომლის მდგომარეობაც მსუბუქია ან საშუალო სიმძიმის, ამასთან დიაგნოზის დადგენიდან არ არის გასული 5 დღეზე მეტი, ამ შემთხვევაში ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ “პაქსლოვიდი” დაუნიშნოს პაციენტს.

მოგეხსენებათ, საბედნიეროდ, შემთხვევების რაოდენობა მცირეა, ამდენად, ამ პერიოდში მცირე რაოდენობის პაციენტს დასჭირდა მედიკამენტი. „პაქსლოვიდი“ ბინაზე მიაქვს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის მიერ მობილიზებულ სატრანსპორტო საშუალებას. მას მიჰყვება ექიმი ცენტრალური ონლაინ კლინიკიდან. პირველ მიღებას პაციენტი ექიმის თანდასწრებით ახორციელებს, შემდეგ უკვე პაციენტი დეტალურ ინსტრუქციას იღებს თუ როგორ უნდა გააგრძელოს მედიკამენტით მკურნალობა.

თავდაპირველად ექიმს 2 დღის დოზა მიაქვს, შემდეგ კი დარჩენილი 3 დღის, იმისთვის, რომ 5 დღის დოზა სრულად მიიღოს. ამ დოზების გაყოფის მიზანია ის, რომ მედიკამენტის გამოყენება ეფექტურად მოხდეს და დანაკარგები მინიმალური იყოს. ამასთან, შუა პერიოდში ექიმთან საფუძვლიანი ინტერაქციის შესაძლება ჰქონდეს, ნახოს როგორ მიმდინარეობს მკურნალობა.

წამლის მიღებამდე პაციენტის მდგომარეობას დამატებით აკონტროლებს ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმი. მნიშვნელოვანია წამლის დოზის გამოტოვება არ მოხდეს და ყველა დოზა მიიღოს”,-განაცხადა გაბუნიამ.