ახალი ამბები

9 აპრილი – ტრაგედია, რომელმაც შეცვალა ისტორია

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი შესრულდა. რამდენიმე ათეული წლის წინ გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. ტრაგედიიდან ექვს თვეში ავტოკატასროფაში დაიღუპა აპრილის აქციების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი მერაბ კოსტავა. მასთან ერთად მძიმედ დაშავებული ზურაბ ჭავჭავაძე, მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს სსრ-ში 1988 წლისთვის გააქტიურდა. თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს ე. წ. „ლიხნის ასამბლეის“ ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-1931 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტიგნების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ.

საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 4 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზე, თბილისში. მომიტინგეებმა, რომლებთაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი, მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე დედაქალაქში და ვეღარ აცხრობდა საპროტესტო აქციებს.

6 აპრილიდან თბილისში იმყოფებოდა სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი კოჩეტოვი. 7 აპრილის დილას გაიმართა პოლიტბიუროს სხდომა ე. ლიგაჩოვის თავმჯდომარეობით. გაიცა ბრძანება რეგულარული და შინაგან საქმეთა ჯარების თბილისში გადასროლის შესახებ. კოჩეტოვმა, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა როდიონოვმა და საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა შეიმუშავეს მიტინგის გარეკვის ზოგადი გეგმა. 7 აპრილს, 21 საათზე პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა თხოვა წესრიგის აღსადგენად.

8 აპრილს დაიმართა რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს სხდომა, სადაც როდიონოვმა და კოჩეტოვმა წევრებს მისცეს დაპირებები, რომ ოპერაცია ჩაივლიდა უსისხლოდ. როდიონოვმა ოპერაციაზე თანხმობა თავდაცვის მინისტრ იაზოვისგან მიიღო, ხოლო სკკპ ცკ-ის გადაწყვეტილებით, ოპერციისთვის გაერთიანდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები.

7 აპრილს დღისა და ღამის განმავლობაში თბილისში შევიდა: საგანგებო დანიშნულების მოტომსროლელთა დივიზიის მე-4 პოლკი, საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები პერმიდან და ვორონეჟიდან.

9 აპრილს, 11 საათზე გამოცხადდა კომენდანტის საათი თბილისში, მაგრამ ცნობა მოსახლეობას ადგილობრივი ტელევიზიით კომენდატის საათის მოქმედების შესახებ მიეწოდა მხოლოდ 22 საათსა და 15 წუთზე. ქალაქის სამხედრო კომენდანტად დაინიშნა როდიონოვი. აქციის დარბევისას გამოყენებულ იქნა მომაკვდინებელი იარაღი: ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები.

საბჭოთა საქართველოს ესტრადის ვარსკვლავების მიერ შესრულებული სიმღერა სახელწოდებით ”ტიტები” ქართველების ერთიანობის სიმბოლოდ იქცა.
1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა სადამსჯელო მანქანამ სრულიად უდანაშაულო ადამიანები შეიწირა. მოკლულებს შორის იყვნენ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები, ზუსტად ჩემი თაობის გოგონებიც.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. ყოველ წელს, 9 აპრილს ყველა ქალაქში მოქალაქეები გმირების მემორიალებთან იკრიბებიან და მათი გმირობის ამბებს იხსენებენ.

ამ ამბავს ბევრი ცოცხალი და გარდაცვლილი გმირი ყავს, თუმცა ამჟამად სამი გმირის ისტორიას მოგიყვებით.60 წლის ზაირა კიკვიძე 9 აპრილის გმირია. თელავში ერთ-ერთი ქუჩა მის სახელს ატარებს.

,,მხიარული ქალბატონი კიბერნეტიკის ინსტიტუტში მუშაობდა და ხშირად დადიოდა მივლინებებში. არაფრით გაუშვებდა ხელიდან ახალი სპექტაკლის ან ფილმის ნახვის შესაძლებლობას, შემდეგ კი განხილვის დრო დგებოდა. ზაირა უყვარდათ, რადგან თავად იცოდა განსაკუთრებული სიყვარული. შეეძლო, თერთმეტი წლის განმავლობაში შორიდან ჰყვარებოდა თანაკურსელი, რომელთან ერთადაც შექმნა კიდეც ოჯახი. ზაირა შინაც მეგობრული იყო. მაგალითად, მისმა რძალმა ნანამ სწორედ ზაირას წყალობით აღმოაჩინა საკუთარ თავში ხატვის ნიჭი და მისივე მხარდაჭერით ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში. სიახლეების არ ეშინოდა. ორმოცი წლისამ გადაწყვიტა ცურვა ესწავლა. კიდევ უფრო გვიან გაიჩინა ახალი ჰობი – ქსოვა. ყველაფერი გამოსდიოდა, აინტერესებდა ფსიქოლოგია. წარმოშობით რაჭველი იყო, თუმცა ბოლო ხანს განსაკუთრებულად შეუყვარდა თელავი.

პენსიაზე გასვლის შემდეგ მეუღლესთან ერთად თელავში დასახლებაზე ოცნებობდა. ოცნება ვერ აიხდინა, მაგრამ დღეს თელავის ერთი პატარა ქუჩა მის სახელს ატარებს. ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთი დემონსტრაციიდან შინ დაბრუნებულმა თქვა – „იცით? მგონი, მართლა ვთავისუფლდებით”.

9 აპრილის კიდევ ერთი გმირი 35 წლის შალვა ქვასროლიაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ცხოვრობდა. შალვას დედა, თამარ ქვასროლიაშვილი იხსენებდა, რომ მისი შვილი მიტინგებზე მუდმივად დადიოდა. 9 აპრილს მან ორსული ქალი სიკვდილს გადაარჩინა და თავად გმირულად გარდაიცვალა.

,,შალვა რუსთაველის გამზირზე გმირულად შეეწირა რუსეთის საოკუპაციო ძალებს. ის მუდმივად მიტინგებზე იყო ნოემბერშიც და აპრილშიც. რომ ჩამოვიდოდა, გული არ უჩერდებოდა და ისევ უკან, თბილისში ბრუნდებოდა. როდესაც რუსეთის ჯარი თავისუფლების მოედანზე შემოვიდა, შალვა ცეკვავდა. მან დაინახა, რომ რუს ჯარისკაცს უნდა მოეკლა ორსული ქალი. შალვა ქალს გადაეფარა და ის სიკვდილს გადაარჩინა. ქალმა საკუთარ შვილს შალვა დაარქვა”.

9 აპრილის ყველაზე პატარა გმირი, 19 წლის ეკა ბეჟანიშვილი წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანიდან იყო. ის აქციაზე კლასელებთან ერთად დადიოდა.

,,ეკა ბეჟანიშვილი 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული ყველაზე პატარა გმირია. ის წარმოშობით ტიბაანიდან იყო და თბილისში ცხოვრობდა. ეკა კომაროვის სკოლის მე-10 კლასში სწავლობდა, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია. მთავრობის სახლის წინ ათობით ათასი მომიტინგე იკრიბებოდა, მათ შორის იყო ეკაც. ის აქციებზე კლასელებთან ერთად დადიოდა და მშობლებლსაც ეუბნებოდა, რომ იცოდეთ რა მუხტია, იქიდან წამოსვლა აღარ მოგინდებათო.
როგორც დედამისი, ლალი ყანჩაველი იხსენებს, ეკა სახლში ყოველთვის დროულად ბრუნდებოდა. 8 აპრილს მამამ მასწავლებელთან დატოვა, იქიდან ეკა აქციაზე წავიდა. საღამოს 8 საათი რომ გახდა და სახლში არ დაბრუნდა, მშობლებმა მისი ძებნა დაიწყეს, მივიდნენ სკოლაში, პარლამენტის წინ, დადიოდნენ და მომიტინგეებს ეკითხებოდნენ ეკას შესახებ. ამასობაში ალყაში აღმოჩნდნენ და არეულობაც დაიწყო.”

ეკას დედა ამბობს, რომ ამ მომენტიდან აღარაფერი ახსოვს. მეხსიერება სრულად მხოლოდ 6 თვის შემდეგ აღუდგა, საკუთარი შვილის დაკრძალვას არ დასწრებია. ლალი ყანჩაველმა მოგვიანებით გაიგო, 9 აპრილის მოვლენების მომსწრე ერთ პოლიციელს უთქვამს, ქერა ქალს დააკლეს შავგვრემანი, ხუჭუჭა გოგოო, ეს იყო ეკა. ეკა ბეჟანიშვილი დღიურსაც აწარმოებდა, სადაც ერთი ასეთი ფრაზა ეწერა – „ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, რომ საკუთარი კვალი არ დატოვოს.”