რა ზიანი შეიძლება მიაყენოს დიდთოვლობამ და ყინვამ კახეთში სოფლის მეურნეობას
ბოლო სამი კვირაა კახეთში ჰაერის ტემპერატურა დაეცა და ყინვა და თოვლია. ფერმერები და მევენახეები შიშობენ, რომ შესაძლოა დაბალმა ტემპერატურამ და უხვმა ნალექმა ხეხილი და ვენახი დააზიანოს.
კახეთში მცხოვრები ფერმერების თქმით, ყინვები და თოვლი მრავალწლიან კულტურებს უქმნის საფრთხეს და შესაძლოა დაბალმა ტემპერატურამ ხილის ბაღები დააზიანოს.
,,ხეხილს უკვე კვირტი ჰქონდა გამოტანილი, ზოგი კი უკვე ყვავილობდა კიდევაც. ასეთი ყინვები და თოვლი რათქმაუნდა დააზიანებს ხეხილს და იმდენ მოსავალს ვეღარ მივიღებთ რასაც ველოდით”,- აცხადებენ ფერმერები.
გურჯაანში მცხოვრები ფერმერი ლევან რუაძე აცხადებს, რომ ატმის ხეებს ყვავილობა უკვე დაწყებული ჰქონდა, დაბალმა ტემპერატურამ და ყინვამ კი შესაძლოა ხეები დააზიანოს, რაც შემდეგ მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე მოახდენს უარყოფით გავლენას.
,,კარგია ნალექი მიწისთვის და ხეხილისთვის, მაგრამ ყინვა ცუდია, რადგან უკვე აყვავილებულ ხეებს დააზიანებს. ჯერ არ ვიცით რა ზიანს მიაყენებს ატმის ბაღებს ყინვა, მაგრამ მოსალოდნელია გავლენა მოახდინოს მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე. თუ დაზიანდა ატმის კვირტები და ყვავილი, უხარისხო მოსავალი მოვა და თან ძალიან ცოტა. ამის გამო კი რაც დავხარჯეთ ხეხილის მოვლაში, ვერ ავინაზღაურებთ და ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებით”,- განაცხადა ლევან რუაძემ.
სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტები განმარტავენ, რომ ყინვა და თოვლი ძირითადად ხეხილის ბაღებზე მოახდენს უარყოფით გავლენას, ერთწლიან კულტურებზე კი უხვი ნალექი დადებითად იმოქმედებს.
,,ყინვა და თოვლი ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს ხეხილზე იმიტომ რომ თვის დასაწყისში და ზოგადადაც თბილი ზამთარის გამო, მოხდა კვირტების გაყვავება და ხშირ შემთხვევაში უკვე ნაყოფის ფორმირებასაც ჰქონდა ადგილი მაგალითად ნუშის და ტყემლის შემთხვევაში. სხვა ხილის შემთხვევაშიც ზოგს ყვავილობა ჰქონდა დაწყებული. ამ ამინდების გამო მოსალოდნელია საადრეო ხილის ნაკლებობა იყოს.
ვენახს მართალია კვირტი ჰქონდა გამოტანილი, მაგრამ იმ დონეზე არა, რომ დაზიანებულიყო. ასევე ყანის შემთხვევაში, მარცვლეულ კულტურებს ყველაზე დიდი ზარალი გვალვის დროს მიადგა. მაშინ ვერ მოხერხდა ე.წ. დაბურჯვა, ამონაყარის გაკეთება და უხვი ნალექი პირიქით გადარჩენილ ყანას დადებთად წაადგება”,- განუცხადა Knews.ge-ს კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირინე ფხოველიშვილმა.
სინოპტიკოსების თქმით, კახეთში მომავალი კვირიდან გამოიდარებს. თვის ბოლომდე ჰაერის ტემპერატურა დღისით მაქსიმუმ 6 გრადუსამდე დათბება, ღამით კი მოსალოდნელია ყინვა.