როგორ მუშაობს გურჯაანში გენდერული თანასწორობის საბჭო
გურჯაანის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭომ ახალი 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომლის განხილვაც საკრებულოს სხდომაზე მოხდა.
საბჭოს თავმჯდომარის, ნანა რამაზაშვილის თქმით, საბჭო გურჯაანში 2018 წლიდან ფუნქციონირებს.
მისივე თქმით, საბჭო ბევრი მიმართულებით საქმიანობს და ამ დროისთვის მიღებული აქვთ ,,მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება”, ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2020-2023 წლების საშუალოვადიანი გენდერული თანასწორობის სტრატეგია” და ახლა მუშაობენ ,,გენდერული თანასწორობის საბჭოს 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმაზე.
,,გურჯაანის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.
საბჭოს ძირითადი ამოცანებია: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით შეიმუშაოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია; განახორციელოს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად; განიხილოს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის, გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტები; მოამზადოს შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები; განახორციელოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შესრულებული ან მიმდინარე მუშაობის მონიტორინგი და შეფასება გენდერული თვალსაზრისით; უზრუნველყოს საკრებულოში ინიცირებული ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით; შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის;
ასევე ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათშორის საბჭოსთან, მიაწოდოს მათ შესაბამისი ინფორმაცია და წინადადებები; მონაწილეობა მიიღოს გენდერული თანასწორობის დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებში; გამოითხოვოს და მიიღოს გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ითანამშრომლოს ქალთა ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა”,– განაცხადა ნანა რამაზაშვილმა.
მისი თქმით, გაიმართა საკრებულოს სხდომა, სადაც საბჭოს ახალი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და განხილვა მოხდა.
,,ახალი სამოქმედო გეგმის მიხედვით საბჭოს მიზნებსა და ამოცანებს წარმოადგენს: გურჯაანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ სტრუქტურებში გენდერული თანასწორობის სამართლებრივ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, სოციალურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა და ამას დაემატა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება.”