ახალი ამბები

ვანო მთვრალაშვილი: ომმა დიზელი 90 თეთრით გააძვირა, ბენზინი – 65 თეთრით

რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიო ბაზარზე ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა.

ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე დიზელი დაახლოებით 90 თეთრით, რეგულარი – 60 თეთრით, პრემიუმი კი 65 თეთრით გაძვირდა. ეს ყველაფერი კი ომის შედეგია.

„22 თებერვლიდან დღემდე 1 ტონა ბენზინის საერთაშორისო ფასი პლატსის მიხედვით, გაზრდილია $192-ით (21%) და დღეის მდგომარეობით, $1109-ს შეადგენს. რაც შეეხება დიზელის საწვავს 1 ტონაზე გაძვირებულია $432-ით (52.5%) $1256-მდე. ხედავთ რა მასშტაბებზეა საუბარი? სწორედ ეს იწვევს იმას, რომ დღეს დიზელის საწვავის ფასი საცალო ქსელში გაცილებით მაღალ მაჩვენებელზეა, ვიდრე სუპერის კატეგორიის საწვავის კატეგორიის მაჩვენებელი.
ეს არის გლობალური ფასები და ამაზე დაყრდნობით ხდება საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი. ეს ყველაფერი არის ომის გავლენა, რომ არა ეს, მსგავსი სახის ნახტომისებური მატება არ მოხდებოდა,“ –
აცხადებს მთვრალაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოში ეკოსაწვავი 4.19 ლარი, პრემიუმი კი 3.85 ლარი გახდა.