გურჯაანსა და საგარეჯოში კოვიდ კლინიკები გაუქმდა
,,ჯეო ჰოსპიტალსის“ გურჯაანის და საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრები, რომელიც კოვიდ კლინიკის ფორმატში ფუნქციონირებდა, პაციენტების მომსახურების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.
ყველაზე მოთხოვნად სამედიცინო სერვისებზე, კოვიდ გადატანილი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სპეციალური საშეღავათო ტარიფები მოქმედებს.
,,ჩვეულ ფორმატში დაბრუნების შემდეგ, მოსახლეობას მეტ შესაძლებლობას გავუჩენთ სხვადასხვა შეღავათიანი პროგრამებით და აქციებით ისარგებლონ, ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კოვიდი არსად წასულა და დღეის გადმოსახედიდან, სახეზეა ჯანმრთელობის მხრივ ის გართულებები, რომელიც მსუბუქი ფორმით გადატანის შემთხვევაშიც კი იჩენს თავს. ამიტომ მნიშველოვანია დროულად მოხდეს პოსტკოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მართვა, რითაც თავიდან ავიცილებთ შემდგომ გართულებებს.
სწორედ ამ მიზნით, ქსელის მასშტაბით შეიქმნა სპეციალური პროგრამა, გაიწერა სამკურნალო გაიდლაინები და მოსახლეობის ხელმისაწვდომობის მიზნით სპეციალური სატარიფო პოლიტიკაც განვსაზღვრეთ”- განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა გელა ორველაშვილმა.
მისივე თქმით, პარალელურად აქტიურ რეჟიმში რჩება ონლაინკლინიკა, რომელიც პაციენტების ბინაზე მართვას უზრუნველყოფს.
,,2 წლის განმავლობაში კახეთის მასშტაბით მოქმედმა ონლაინკლინიკამ ბინაზე 700 ათასზე მეტი კოვიდინფიცირებულის წარმატებით მართვა შეძლო, საპილოტე პროექტი, რომელიც ჩვენს კლინიკაში დაიწყო, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან წარმატებულ მოდელად დასახელდა“, -აღნიშნა ორველაშვილმა.
შეგახსენებთ რომ პანდემიის პერიოდში ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელში დამატებითი საწოლ ფონდის მობილიზების მეშვეობით, კოვიდინფიცირებულთა მართვა ქვეყნის მასშტაბით 10 სამედიცინო ცენტრში განხორციელდა. ამ ეტაპზე კი ყველა კლინიკა და ამბულატორიული ცენტრი საქართველოს ხუთივე რეგიონში, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ფორმატს დაუბრუნდა.