თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე კორპუსის კომერციული ფართების გადახურვა ჩამოვარდა
ქალაქ თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, 5 სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციული ფართების გადახურვა ჩამოვარდა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აღნიშნულ საკითხზე თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში, კომენტარს არ აკეთებენ.
იგივე კორპუსზე მიმდინარე კვირაში გადახურვის ჩამოვარდნის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. დაახლოებით 12 მეტრის სიგრძის რკინის კონსტრუქცია 21 მარტსაც ჩამოვარდა. მაშინ ამის მიზეზად დასახელდა დიდთოვლობა.
“კორპუსის მთავარი სახურავიდან ჩამოწვა თოვლის მასა, რომელიც დაეცა პირველ სართულზე არსებულ კომერციული ფართის გადახურვას. შესაბამისი სამსახური მომხდარის მიზეზებს იკვლევს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ყველაფერს გავარკვევთ და საზოგადოებასაც ვაცნობებთო”,- განაცხადა თელავის მერმა 21 მარტს.
აღსანიშნავია, რომ თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე სამი საცხოვრებელი კორპუსის გარე ფასადს რეაბილიტაცია დაახლოებით ერთი წლის წინ ჩაუტარდა, რაზეც დაახლოებით 1 მილიონი 300 ათასი ლარი დაიხარჯა.