ახალი ამბები

თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება სავარაუდოდ 50 თეთრი ეღირება

თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება ფასიანი გახდება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის თქმით, მგზავრობის საფასური შესაძლოა 50 თეთრით განისაზღვროს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მომსახურების საფასური მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

,,ამ დროისთვის თელავში 10 ავტობუსი გვყავს, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობს.მუნიციპალური ტრანსპორტი აქამდე მუშაობდა სატესტო რეჟიმში და იყო უფასო. უახლოეს მომავალში მივიღებთ სატრანსპორტო მარშრუტს, ასევე ვგეგმავთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი გახდეს ფასიანი. ამ ეტაპზე მიდის მსჯელობა ამ საკითხებზე და სავარაუდოდ გადაადგილების ფასი იქნება 50 თეთრი. ჩვენი მიზანია, რომ მოქალაქეებს არ დააწვეთ ტვირთად მგზავრობის გადასახადი”,- განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.

ადგილობრივების თქმით, იმ შემთხვევაში თუ მგზავრობის გადასახადი 50 თეთრით განისაზღვრება, მათთვის მისაღები იქნება. თელავში მცხოვრები მოქალაქეების თქმით, პარალელურად უნდა მოხდეს კონტროლი, რომ თვითნებურად არ მოხდეს ეტაპობრივად თანხის გაზრდა.