ახალი ამბები

საკრებულოს კომისიამ მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობისა და მათი მართვის წესის დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტის პროექტის განხილვა დაიწყო.

აღნიშნული პროექტის ინიციატორია ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. თინათინ ხანჯალიაშვილმა ისაუბრა წესის მიღების მიზნებზე და აღნიშნა, რომ დოკუმენტი ხელს შეუწყობს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნას.

ხანჯალიაშვილმა სხდომაზე თელავის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ცხოველების პრობლემის შესახებ მოსახლოების გამოკითხვის შედეგები წარადგინა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის სამოქალაქო ლიგამ ჩაატარა.

ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია გამოკითხვის შედეგების საფუძველზე მოამზადებს რეკომენდაციებს, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს.