ახალი ამბები

პირთა ასაკი, ვისაც ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამა შეეხება, შესაძლოა, შემცირდეს

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, იმუნიზაციის საბჭოს ბოლო სხდომაზე ვაქცინაციის ახალი გეგმა განიხილეს, სადაც საუბარი იყო მონეტარულ წახალისებაზე, ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ასაკის შემცირებაზე, ასევე ვაქცინაციის მარათონის გააქტიურებაზე.

როგორც ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ვაქცინაციის ახალ გეგმაში მრავალფაქტორულ კამპანიაზეა აქცენტი გაკეთებული, ამასთან არაერთი ახალი მექანიზმი ამუშავდება.

„არ მაქვს ინფორმაცია, როგორი იქნება ეროვნული გეგმის საბოლოო ვარიანტი. იმუნიზაციის საბჭოს ბოლო სხდომაზე ჩვენ გარკვეული საკითხები განვიხილეთ. იქ იყო საუბარი, მათ შორის მონეტარულ წახალისებაზე, ასაკის შემცირებასა და გარკვეული ჯგუფების გამოყოფაზე, სადაც აქცენტი უნდა გაკეთდეს. ასევე საუბარი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობის გააქტიურებაზე.

საუბარი იყო ვაქცინაციის მარათონის სახით ჩატარებული კამპანიის გააქტიურებაზე. წინასწარ გვქონდა აღნიშნულ თემებზე საუბარი. მრავალფაქტორულ კამპანიაზეა აქცენტი გაკეთებული, არამხოლოდ მონეტარული წახალისებაზე, არამედ სხვა მექანიზმების ამუშავება. როგორც ხედავთ, ვაქცინაციის ტემპი ქვეყანაში ძალიან დაბალია. სამიზნე, რომელიც საქართველოს სჭირდება, მოზრდილი მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია აქტუალურია“,- აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.