ახალი ამბები

ახმეტაში მცხოვრებმა ახალგაზრდამ სარკეების წარმოება დაიწყო

ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდამ, დავით მოსიაშვილმა, ხელნაკეთი სარკეების წარმოება დაიწყო.

დავითის თქმით, სარკეების წარმოების იდეა დაზიანებული ძველი სარკის აღდგენის შემდეგ მოუვიდა. იდეის დამუშავების შემდეგ კი მან სამუშაოდ საჭირო მასალების და ინფორმაციის მოძიება დაიწყო.

როგორც თავად ამბობს, რამდენიმე სარკის დამზადების შემდეგ ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოყვა.

,,სახლში ჩვენთან ერთად ცხოვრობს დიდი ბებო, რომელსაც ცოტა ხნის წინ თავისი საყვარელი სარკის ჩარჩო დაუზიანდა, რა თქმა უნდა შევთავაზე ახლის ყიდვ,ა მაგრამ მისი სურვილი მხოლოდ ძველი სარკის აღდგენა იყო. 2 დღიანი ფიქრის შემდეგ ჩვენს სახელოსნოში სპეციალური კომპიუტერული პროგრამის დახმარებით შევქმენით ნახაზი, დავამზადეთ პირველი ჩარჩო სადაც ბებოს ძველი სარკის მინა გადავიტანეთ და ასე გაჩნდა ჩვენი პირველი ნამუშევარი.

პროცესი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, მეორე დღიდანვე დავიწყე ბაზარზე სარკეების დასამზადებლად საჭირო მასალებზე ინფორმაციის მოძიება და ახალი პროდუქტის შექმნაზე ფიქრი. ჩვენი მიზანი იყო ის რომ სარკეს, გარდა პირვანდელი ფუნქციისა, სხვა დატვირთვაც ჰქონოდა და შევქმენით რამდენიმე სხვადასხვა ფორმა, რომელსაც დეკორის ფუნქციაც შევძინეთ. დიზაინი ძირითადად ძველი ტრადიციულის და თანამედროვეს ნაზავია. სარკეებმა ჩვენს მომხმარებლებში დიდი მოწონება დაიმსახურა. როდესაც პირველი სარკე გაიყიდა, მომხმარებელმა მასზე ჩემი პატარა შვილის, დემეტრეს ხელმოწერა მოითხოვა, რამაც ძალიან გაგვახარა”,- განუცხადა knews.ge-ს დავით მოსიაშვილმა.

დავითი განმარტავს, რომ დამზადებულ სარკეებს ონლაინ ყიდის და შეკვეთებსაც Facebook – გვერდის საშუალებით იღებს.

,,ჩვენს ნამუშევრებს ძირითადად ონლაინ, Facebook – გვერდის დახმარებით ვყიდით და მომხმარებლებს ვუგზავნით მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ მიმართულებით ძალიან მალე გვექნება სიახლე და ადამიანები ჩვენი პროდუქციის შეძენას და მიღებას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლებენ”,– განაცხადა დავით მოსიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დავითი უკვე ფლობს საწარმო ,,დემას” და რამდენიმე წელია სხვადასხვა სახეობის ხელნაკეთ სუვენირებს აწარმოებს.

,,როგორც უკვე ცნობილია ჩვენი საწარმო ,,დემა“, რომელიც უკვე 4 წელია ფუნქციონირებს, აწარმოებს მრავალი სახეობის სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს, ხის სუვენირებს, ხის ფოტოებს, სამკაულებს, სხვადასხვა სახეობის ხის სასაჩუქრე ყუთებს, დეკორებს და მრავალი მომხმარებლის სურვილებზე მორგებულ ნივთებს. საწარმოს ძირითად პერსონალს მე და ჩემი შვილები წარმოვადგენთ.
დემას ფუნქციონირების მთავარი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და მათი უნარების პოპულარიზაციაა- რაც მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ერთ-ერთი საშუალებაა. აგერ, უკვე მრავალი წელია ამას წარმატებით ვახერხებთ. სამუშაო პროცესში საკმაოდ რთულია მომხმარებლებს მუდმივი სიახლეები შესთავაზო, ბევრს ვფიქრობთ ამ მიმართულებით და გარემოში მუდმივად ვეძებთ იდეებს.”

ახალგაზრდა სამომავლოდ სოციალური საწარმოს შექმნას გეგმავს.

,,ისევე როგორც აქამდე, ჩვენი საწარმო აგრძლებს ზრუნვას იმისათვის, რომ მის გულშემტკივრებს მუდმივი სიახლეები შევთავაზოთ და დავამტკიცოთ, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემისა. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ ჩვენი მიზნისკენ – შევქმნათ დიდი სოციალური საწარმო, სადაც სხვა შშმ ადამიანებიც დასაქმდებიან. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც გვერდით გვიდგას და გვგულშემატკივრობს, თითოეულ ჩვენს მომხმარებელს და მეგობარს”,- განაცხადა დავით მოსიაშვილმა.