ახალი ამბები

პურის ფასის გაიზრდის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას აამოქმედებს

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ EUGBC-ის მიერ „არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ახალ სავაჭრო პარტნიორებთან თავნამშრომლობის პერსპექტივებზე“ გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობას, ხორბლის იმპორტიორებსა და წისქვილკომბინატებსა და პურის მწარმოებლებს შორის, მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გამო, მუდმივი კომუნიკაციაა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყანაში მარაგების შექმნა და პურის ფასის შენარჩუნებაა.

“ყველა სცენარი გათვლილია; დღეს პურის ფასი სტაბილურია და მეპურეები აცხადებენ, რომ მათ ფქვილის მარაგი აქვთ, ხოლო ჩვენ ხორბლის 1 თვის მარაგი გვაქვს, რაც გაერო-ს რეკომენდაციის კომპონენტებში პრინციპში ჯდება და ხარჯვის პარალელურად მოხდება ამის შევსება. მარაგების შესავსებად განიხილება რუმინეთი და გრძელვადიანად აშშ, რომელსაც სახელმწიფო ესაუბრება. იმ შემთხვევაში თუ პურის ფასი 1-1.5 თვეში გაიზრდება, რაც შესაძლებელია, სახელმწიფო დააზღვევს პურის ფასს, რაც იმას ნიშნავს, რომ პურის ფასს არაფერი ემუქრება. თუ 1.5 თვის შემდეგ ფქვილის ფასი გაიზრდება და ეს ზეგავლენას იქონიებს პურზე, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას აამუშავებს იმისთვის, რომ პური არ გაძვირდეს“,– განაცხადა სილაგავამ.

ხორბლის იმპორტიორთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველომ ხორბლის იმპორტის ნაწილში, ქვეყანაში საჭირო მარაგების უზრუნველსაყოფად, ალტერნატიულ ბაზრებზე გადაწყობა უკვე დაიწყო.

„სახელმწიფოსთან დაკავშირებით რამდენიმე სცენარი დამუშავდა, მათ შორის რუსეთის მხრიდან ხორბლის ექსპორტის აკრძალვიდან გამომდინარე, ეს ჯერ დადგენილების დონეზეა და ალბათ მალე მოეწერება ხელი. ეს ჩვენთვის გადამცემი ეფექტის მომტანი იქნება, რადგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყობა ყაზახეთის ბაზარზე შევძელით, საიდანაც ახლა 10 000 ტონა ხორბალი მოდის და კიდევ ამდენი დაკონტრაქტდება. შემდგომი პოზიცია ის არის, რომ 1-ელი ივნისიდან საქართველოში ახალი მოსავალი მოვა და ამ პერიოდიდან ეს დააბალანსებს სიტუაციას, რადგან ადგილზე ხორბლის 2-თვიანი მარაგი გვექნება“.