ახალი ამბები

ლაგოდეხში სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების მიზნით შეხვედრა გაიმართა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების მიზნით შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს, ლაგოდეხის რაიონული განყოფილების წარმომადგენლებმა, მოქალაქეებს მიაწოდეს ინფორმაცია, პროექტის მიზნებისა და მუნიციპალიტეტში არსებული ვაკანსიების შესახებ. მოქალაქეებს, ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაციები ჩაუტარდათ, პროგრამაში ჩართვის მსურველები კი დარეგისტრირდნენ დასაქმების მსურველთა ერთიან ბაზაში.

შეგახსენებთ რომ, პრემიერ- მინისტრის ინიციატივით, სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებული დასაქმების პროექტი 1 მარტიდან დაიწყო.

პროექტი, სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას ისახავს მიზნად. პროგრამის ბენეფიციარები, 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი პირები არიან, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და მიზნობრივ სოციალურ დახმარება იღებენ.

დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი და, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად შეუნარჩუნდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება.
საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული ბენეფიციარები, სოციალურ დახმარებასთან ერთად, დამატებით ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ, რომელიც ნამუშევარი საათების მიხედვით ანგარიშდება და 300 ლარს შეადგენს.

საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისთვის გაცემული თანხა წარმოადგენს სოციალურ გასაცემელს, რომელიც არ იბეგრება. საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. სამუშაოს მომწოდებლები კი სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ პროგრამაში ჩართვის მსურველებს, დამატებითი ინფორმაციისთვის, შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ლაგოდეხის რაიონული განყოფილებას.