ახალი ამბები

სოციალური კვლევის თანახმად 61% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გაზარდოს უკრაინის მხარდაჭერა

Caucasus Research Resource Center-ის (CRRC) სოციალური კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობის (80%) შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყება თავად რუსეთის და მისი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პასუხისმგებლობაა.

გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი (61%) მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გაზარდოს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა. მოსახლეობის 32% თვლის, რომ მთავრობა უკრაინას საკმარისად უჭერს მხარს, გამოკითხულთა უკიდურესად მცირე ნაწილი (2%) კი ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინას მხარი საერთოდ არ უნდა დაუჭიროს.

რაც შეეხება საქართველოს შეერთებას დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან, მოსახლეობის 39% მიიჩნევს, რომ საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას უნდა შეუერთდეს, გამოკითხულთა 27% ფიქრობს, რომ ქვეყანა ზოგიერთ სანქციას უნდა შეუერთდეს, მოსახლეობის მხოლოდ 19% კი თვლის, რომ საქართველო საერთოდ არ უნდა შეუერთდეს სანქციებს.

სატელეფონო გამოკითხვა 7-10 მარტს ჩატარდა და მასში 1,092 სრულწლოვანი მოქალაქე მონაწილეობდა. ცდომილების მაჩვენებელი 2.96%-ს შეადგენს.