გიორგი ბოტკოველი – ორგანიზებული ჯგუფი შევარდა „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეჯოს ოფისში და დაარბია, განადგურებულია ტექნიკა, ინვენტარი
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, „ქართული ოცნების“ განცხადებები და ქმედებები პირდაპირ მიუთითებს, რომ მას ეროვნული თანხმობა არ სურს და რუსულ ინტერესებს ატარებს.
როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, გვიან ღამით ორგანიზებული ჯგუფი შევარდა „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეჯოს ოფისში და დაარბია.
ბოტკოველის ინფორმაციით, მთლიანად განადგურებულია ტექნიკა და ინვენტარი.
„გუშინ, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, როდესაც ის საუბრობდა საყოველთაო ეროვნულ თანხმობაზე, ამის შემდეგ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ განცხადება, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გამოთქვა მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ საკითხებზე შემდგარიყო თანხმობა და რეალურად გვემოქმედა ერთად, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეხებოდა. მეორე მხრივ, სულ სხვა რამეს ვხედავთ, ფაქტს გეტყვით, წუხელ, გვიან ღამით ორგანიზებული ჯგუფი შევარდა „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეჯოს ოფისში და დაარბია. მთლიანად განადგურებულია ტექნიკა, ინვენტარი. ეს არ არის პირველი შემთხევა, უკვე წინასწარ ვიცით, რას იზამს გამოძიება. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაიწელება და „ქართული ოცნებისგან“ მოვისმენთ განცხადებას, რომ თურმე ეს 10- 12 წლის წინ გაბრაზებული ხალხის ქმედებაა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა წარწერებს და განხორციელებულ ქმედებებს, ამას პირდაპირ შეიძლება ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედება დაერქვას“,- განაცხადა ბოტკოველმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელშეწყობით გაიხსნა საქართველოში „ალტ-ინფოს“ ოფისები.
„ამ ყველაფერს ფონად მისდევს თქვენი ხელშეწყობით, თქვენ მიერ ორგანიზებულად გახსნილი, „კონსერვატიული მოძრაობის“ ნიღაბში ასხმული „ალტ-ინფოს“ ოფისები, სადაც პირდაპირ დასტურდება, რომ ამ ყველაფერში თავიდან ბოლომდე ხელისუფლება არის ჩართული იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ოფისი, რომელიც დღეს „ალტ-ინფოს“ მიერ არის გახსნილი, მუნიციპალური საკუთრებაა და პირდაპირ ხელშეკრულებებია გაფორმებული მუნიციპალიტეტსა და „ალტ- ინფოს“ წარმომადგენლებს შორის. ეს ყველაფერი ადასტურებს, ვინ წარმოადგენს რეალურად ამ ქვეყანაში „მეხუთე კოლონას“ და ვინ ატარებს რუსულ ინტერესებს“,-განაცხადა ბოტკოველმა.