საფეხბურთო კლუბ „თელავის“ უკრაინელი მეკარე სამშობლოში მიმდინარე ომსა და ქართველების სოლიდარობაზე
საფეხბურთო კლუბ „თელავის“ უკრაინელი მეკარე, ბოგდან ბეზკროვნი მის სამშობლოში მიმდინარე ომსა და ქართველების სოლიდარობაზე საუბრობს.
მისი თქმით, ის ხედავს როგორ გულშემატკივრობენ ქართველები უკრაინას.
„აქ ვარ, ვხედავ და ვგრძნობ ყველაფერს, როგორ გულშემატკივრობთ უკრაინას, ჩემს სამშობლოს, როგორ ემოციურად განიცდით და რეაგირებთ – მადლობა თელავს, მადლობა ქართველებო, გაფასებ და მიყვარხარ საქართველო“,- ამბობს, ბოგდან ბეზკროვნი.
23 წლის ბოგდან ბეზკროვნი საფეხბურთო კლუბ „თელავს“ სეზონის დაწყების წინ დაუბრუნდა. ბოგდანის დედა და უმცროსი და-ძმა გახიზნულები არიან კიევიდან დასავლეთ უკრაინაში, სადაც შედარებით სიმშვიდეა, არ ისვრიან და რაც მთავარია, არ ესვრიან მოსახლეობას, მამა კი კიევში დარჩა, იბრძვის და ეხმარება უკრაინელ ხალხს.
„დღეში რამდენჯერმე ვუკავშირდებით ერთმანეთს და ვამხნევებთ. მამა ყოველი თამაშის წინ მეუბნება, რომ მშვიდად ვიყო და ვაკეთო ჩემი საქმე ისე, რომ არავინ დავაღალატო, რომ ჩემი გუნდისთვის არაფერი დავიშურო. ჩემი წარმატებები მისთვის სიამაყე და ბედნიერებაა. იგივეს მეუბნებიან ჩემი მეგობრებიც – ოჯახს, მეგობრებს ჩვენი გუნდის თამაშის ვიდეოლინკს ვუგზავნი და ისინი ამ მძიმე პერიოდშიც კი მიყურებენ და მქომაგობენ”,- აცხადებს ახალგაზრდა.
მისი თქმით, საფეხბურთო კლუბ ,,თელავში” თამაში მისთვის ბევრს ნიშნავს.
,,ჩემთვის “თელავი” ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს პირველი უცხოური კლუბია ჩემს კარიერაში, რომელთან ერთადაც პირველ დიდ წარმატებას მივაღწიე. ამიტომ, როცა დაბრუნება შემომთავაზეს, დიდი სიხარულით დავთანხმდი. მიყვარს თელავი. განსაკუთრებით მაძლიერებს თელაველი გულშემატკივრების მხარდაჭერა. რამდენიმე დღის წინ ბოლნისში ვთამაშობდით, მესმოდა მათი შეძახილები და ახლაც ჟრუანტელი მივლის. არ დავმალავ, თამაშის დროს, სიამაყისგან და ბედნიერებისგან ცრემლიც კი წამსკდა. დიდი მადლობა მათ თანადგომისთვის. ასევე მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო სრულიად საქართველოს და ქართველ ხალხს. იმედი მაქვს, ძალიან მალე ყველაფერი კარგად იქნება“.
წყარო: https://www.facebook.com/ncce.ge/photos/pcb.1735139543360279/1735139113360322