ახალი ამბები

ლაგოდეხიდან-პოლონეთში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად

ლაგოდეხში მცხოვრები ახალგაზრდა, გიორგი ედიშერაშვილი, რამდენიმე დღეა პოლონეთში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გაემგზავრა.

მისი თქმით, პოლონეთი უკრაინის მოსაზღვრე ქვეყანაა და იქ უამრავი ლტოლვილი შედის. გიორგი განმარტავს, რომ ის უკრაინელების დასახმარებლად საზღვარზე შუამავლის როლს ასრულებს და ქართველებისგან გადარიცხული თანხით სხვადასხვა ნივთებს და მედიკამენტებს ყიდულობს.

„უკრაინა პოლონეთის მოსაზღვრე ქვეყანაა და საჭირო ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირება აქედან გაცილებით იოლია, ვიდრე საქართველოდან. გარდა ამისა, პოლონეთში უკრაინიდან ათასობით ლტოლვილი შემოდის და დახმარება მათაც სჭირდებათ. მე პოლონეთში შუამავლის როლს ვასრულებ.

საქართველოს მოქალაქეებისგან გადმორიცხული თანხით ვყიდულობ ნივთებს, საჭირო ინვენტარს და მედიკამენტებს და მიმაქვს უკრაინის მოსაზღვრე დასახლებაში, საიდანაც ტრაილერებით, სხვა დახმარებასთან ერთად, ტვირთი მიდის უკრაინაში, შესაბამის მისამართზე.

ლოჯისტიკის და ტრანსპორტირების საკითხში დახმარებას პოლონეთში მცხოვრები ჩემი მეგობრები მიწევენ. რაც შეეხება საჭირო ნივთების შერჩევას, ჩვენ უკრაინაში გვყავს მეგობრები, რომლებიც მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევიან და ზუსტად იციან რა საჭიროება აქვთ ადგილობრივებს. ამის მიხედვით ადგენენ იმ ნივთების სიას, რომელსაც ჩვენ გვიგზავნიან“, – აცხადებს გიორგი.

მიდი თქმით, ამ დროისთვის უკრაინელი ლტოლვილებისთვის რამდენიმე სახის პირველადი მოხმარების ინვენტარი შეიძინეს.

მოგეხსენებათ საომარ ზონაში მყოფი მოსახლეობის დიდი ნაწილი დაბომბვის დროს თავს სარდაფებს აფარებს. ასობით უკრაინელი ღამეს მიწისქვეშა თავშესაფრებში და მეტროს გვირაბებში ათევს. მათთვის საძილე ტომრები, პლედები, თბილი წინდები, პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთები, ფანრები, მედიკამენტები, ფოვერ ბანკები და სხვა საჭირო ნივთები შევიძინეთ”,- აცხადებს გიორგი ედიშერაშვილი.