ახალი ამბები

ნივთის ონლაინ გამოწერის განბაჟების ზღვარი შესაძლოა 700 ლარამდე გაიზარდოს

ნივთის ონლაინ გამოწერის განბაჟების ზღვარი შესაძლოა 700 ლარამდე გაიზარდოს.

აღნიშნულს გულისხმობს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში დეპუტატებმა ლევან იოსელიანმა და ალეკო ელისაშვილმა დააინიცირეს.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს იმ პირების ხელშეწყობა, რომლებიც საზღვარგარეთიდან საფოსტო გზავნილის მეშვეობით იღებენ ამანათებს, აღნიშნული გულისხმობს, ონლაინ ვაჭრობის შედეგად შეძენილ ამანათებს.

„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ონლაინ ვაჭრობის გზით შეძენილ 300 ლარზე მეტი ღირებულების გზავნილების განბაჟება სავალდებულოა, განბაჟების ღირებულება კი ამანათის ღირებულების 18%-ს შეადგენს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ 300 ლარიანი ლიმიტი დადგინდა 2009 წელს და მას შემდგომ მოსახლეობის არაერთი პეტიციის, ლარის კურსის გაუფასურების და 13 წლის გასვლის მიუხედავად, 300 ლარიანი ლიმიტი არ შეცვლილა. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ 2009 წლამდე ლიმიტი წარმოადგენდა 1 500 ლარს. სწორედ ამიტომ შეიქმნა 2015 წლის მარტში სპეციალური პეტიცია პარლამენტის, მთავრობის და ფინანსთა სამინისტროს მისამართით. პეტიციაზე ხელმომწერმა 7 000 მოქალაქემ არსებული 300-ლარიანი ზღვრის 1 500 ლარამდე აწევა მოითხოვა. ასევე 2018 წელს მუშავდებოდა პეტიცია, რომელსაც 15 00 ხელმომწერი ჰყავდა და რომლითაც მოქალაქეები ითხოვდნენ 300 ლარიანი ლიმიტის 600 ლარამდე გაზრდას.

ასევე, აღსანიშნავია, რომ მოსახლეობას ხშირად უწევს 300 ლარიანი ლიმიტის გამო, იმგვარი ნივთების შეძენაზე უარის თქმა, რომელიც ქართულ ბაზარზე საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი, უცხოეთიდან ონლაინ ვაჭრობისას მათ უწევთ, როგორც ნივთის წონის ფასის გადახდა, ასევე 300 ლარი და მეტი ღირებულების ნივთის შეძენისას დამატებით მათ ეკისრებათ 18%-იანი საგადასახადო ვალდებულება, რაც ბევრად აძვირებს შეძენილი ნივთის ფასს,“-ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, ცვლილება ითვალისწინებს, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში, ნაცვლად 300 ლარიანი ლიმიტისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადისგან 700 ლარამდე ღირებულების საფოსტო გზავნილის გათავისუფლებას.

მათივე შეფასებით, ლიმიტის გაზრდის აუცილებლობა გამოწვეულია ლარის კურსის დევალვაციით უცხოურ ვალუტასთან მიმართებით და ქვეყნის გარეთ ონლაინ ვაჭრობის შესაძლებლობების გაფართოების მიზანშეწონილობით.