ახალი ამბები

კახეთის რეგიონში უკრაინელების დასახმარებლად 30 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა

კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, პირველ ეტაპზე, დაახლოებით 30 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, არასამთავრობო და სამთავრობოორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ბიზნეს სექტორმა. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი შიოშვილის ინფორმაციით, პირველადი მოხმარების ჰიგიენური ნივთებით, საკვებითა და ტანსაცმლით სავსე სატვირთო ავტომობილები კახეთიდან უკვე გაემგზავრა.

,,რვავე მუნიციპალიტეტში შეგროვდა ტვირთი უკრაინაში, ჩვენი მეგობრების დასახმარებლად. გარდა ამისა, ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოყვეს მუნიციპალიტეტების მერიებმაც, რითიც შეძენილი იქნა მედიკამენტები და სამედიცინო ინვენტარი, რომელიც გაიგზავნა ტვირთთან ერთად”,- განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

ირაკლი შიოშვილის თქმითვე, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.
აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთი თბილისში დასაწყობდა, ხოლო დასავლეთის ტვირთმა ფოთის ტერმინალში მოიყარა თავი.