ახალი ამბები

კელი დეგნანი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს შეხვდა

თელავის მუნიციპალიტეტს ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტუმრა.

კელი დეგნანს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილმა და მისმა პირველმა მოადგილემ, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად უმასპინძლეს.

თენგიზ მთვარელიშვილმა აშშ-ს ელჩთან შეხვედრის დროს ყურადღება გაამახვილა საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობის აუცილებლობასა და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

„ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი სტუმრობა თელავის მუნიციპალიტეტში. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და თქვენს გუნდს ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის ორგანიზებისთვის.

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა საკრებულოს საქმიანობაში მოსახლეობის ნაკლები ჩართულობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა მოგვმართონ სხვადასხვა ინიციატივით, რაც, ბუნებრივია, გაზრდის მათ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ჩვენ კი, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად ვეცდებით, მხარი დავუჭიროთ მათი მხრიდან წამოსულ იდეებს.

თელავის მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში არანაკლებ მნიშვნელოვანია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის როლი, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა NDI-ს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. გარდა ამისა, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ძალიან ეფექტურად და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი მუნიციპალიტეტის წინსვლაზე აისახება“, – განაცხადა თენგიზ მთვარელიშვილმა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.