გაზრდილი მოთხოვნის გამო შაქრის საცალო გაყიდვებზე ლიმიტს აწესებენ
ქართული სუპერმარკეტების წარმომადგენელთა ინფორმაციით, ბაზარზე შაქრის დეფიციტი არ არის, მაგრამ პანიკური მოთხოვნაა, რის გამოც მაღაზიები პროდუქტზე ლიმიტს აწესებენ.
კერძოდ, ქსელურ მარკეტებში ამ ეტაპზე ერთ მომხმარებელს 5 კილოგრამზე მეტი შაქრის ყიდვა არ შეუძლია. გარდა ამისა, მოიმატა ფასმაც, რის მიზეზადაც კურსთაშორისი სხვაობა მიიჩნევა.
სუპერმარკეტ ,,ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მარაგების მხრივ პრობლემა არ არის, თუმცა ,,კომერსანტი“ ქსელის ოპერატორებს მომხმარებლის სტატუსით დაუკავშირდა და მათ დაადასტურეს, რომ მაღალი მოთხოვნის გამო რამდენიმე ქსელში შაქრის მარაგის პრობლემაა, რის გამოც ხალხს ამ პროდუქტის ყიდვა ლიმიტით უწევს.
,,ამ ეტაპზე შაქრის დეფიციტი არ არის, მაგრამ რომელიმე ფილიალებში შაქარი შეიძლება არ დაგხვდეთ, რადგან უკვე ამოწურული იყოს. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, მაქსიმუმ, 5 კილოგრამის შეძენაა შესაძლებელი. რაც შეეხება ფასს, რამდენიმე თეთრით გაძვირდა და ამ დროისთვის 2,69 ლარს შეადგენს“, – განაცხადეს ,,ნიკორაში“.
ანალოგიური მდგომარეობაა სუპერმარკეტ ,,ლიბრეში“, სადაც შაქარი 10 თეთრით იაფი ღირს, მაგრამ მარაგის მხრივ აქაც პრობლემაა და ხალხი ერთ-ერთ მთავარ პროდუქტს ლიმიტით ყიდულობს.
,,შაქარი ყველა ქსელში არ არის, მარაგის მხრივ საფრთხე არ გველის, მაგრამ აჟიოტაჟური მოთხოვნაა. აქედან გამომდინარე, მომხმარებელი 5 კილოგრამზე მეტს ვერ შეიძენს. რაც შეეხება ფასს, 2,59 ლარია“, – აცხადებს ,,ლიბრეს“ თანამშრომელი ,,კომერსანტთან“.
რაც შეეხება მცირე მაღაზიებს, ,,ქართულ მაღაზიათა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ რამდენიმე მარკეტში მარაგის პრობლემა შეიქმნა, რაც აჟიტაჟმა გამოიწვია.
,,ხალხი ცდილობს პანიკურად შეისყიდოს შაქარი, სხვა მხრივ პრობლემა არ არის, მიწოდების მხრივ ბიზნესს საფრთხე არ შექმნია. გარკვეული მარაგები არის, მაგრამ ფასები შეიცვალა, რის გადაწყვეტილებაც სექტორმა ლარის გაუფასურების გამო მიიღო და საფასო ცვლილება მიწოდების პრობლემას ნამდვილად არ უკავშირდება“, – ამბობს ასოციაციის წარმომადგენელი თათია ნანობაშვილი ,,კომერსანტთან“.