ახალი ამბები

თელავში, უკრაინელების დასახმარებლად შეგროვილი საკვები და ნივთები უკრაინაში უახლოეს დღეებში გაიგზავნება

თელავში, თამაზ ანთაძის სახელობის სპორტსკოლაში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვილი საკვები, ტანსაცმელი და პირველადი საჭიროების ნივთები დახარისხდა.

პროცესში თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

„თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვილი საკვები, ტანსაცმელი და პირველადი საჭიროების ნივთები დავახარისხეთ. მადლობას ვუხდი მერიის თანამშრომლებს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მოსახლეობას და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. შეგროვდა საკმაოდ დიდი რაოდენობის ტვირთი, თუმცა უკრაინელი ხალხის დახმარების კიდევ არაერთი მსურველი გვიკავშირდება“, – განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.

ჰუმანიტარული ტვირთი საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინაში უახლოეს დღეებში გაიგზავნება.