ახალი ამბები

დავით სონღულაშვილმა ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სესიაში მიიღო მონაწილეობა.

მისი თქმით, სესიაში მონაწილეობა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთისა და საპრეზიდენტო ტრიოს (სლოვენია, საფრანგეთი, ჩეხეთი) სპეციალური მოწვევით მიიღო, რომლის ფარგლებშიც ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მან სიტყვით გამოსვლისას მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

კონფერენციაზე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ჟან კასტექსის მონაწილეობით გაიმართა დებატები საფრანგეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის შესახებ.

მისი თქმითვე, პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარული სხდომა 4-5 მარტს გრძელდება და სხდომაში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტები მონაწილეობენ.

,,პირველ რიგში მინდა ჩემი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვხატო უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. საქართველომ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად გადადგა ისტორიული ნაბიჯი და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ოფიციალურად გააკეთა.
მიზნის სრულად შესასრულებლად და ევროკავშირში შესვლის დასაჩქარებლად მნიშვნელოვანია უკეთესი კავშირების შექმნა და ფიქრი იმის შესახებ, როგორ შეიძლება სწრაფი ეკონომიკური ინტეგრაცია ევროპის საერთო ბაზარზე.

საქართველოს მიზანია ქვეყნის დამოკიდებულების შემცირება რუსეთის ენერგორესურსებზე. ევროპასთან შესაბამისი კავშირების შექმნა კი უზრუნველყოფს როგორც ენერგიის ჩვენგან მიწოდებას, ასევე ევროპიდან ელექტროენერგიის აქ შემოდინებას და ერთიან ევროპულ ენერგეტიკულ სივრცეში საქართველოს ინტეგრირებას.

ეს მნიშვნელოვანია როგორც ენერგეტიკის ასევე კლიმატის დაცვის თვალსაზრისით. შავი ზღვის პოტენციალის უკეთესად ათვისება და შესაბამისი კავშირების განვითარება გვჭირდება. ხოლო ამისთვის საქართველო შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ჰაბი. ეს მნიშვნელოვანი იქნება რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების თვალსაზრისითაც”,– განაცხადა დავით სონღულაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.