კახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 37 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1-ელი თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 205 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მათ შორის 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 40 ფაქტი გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე; კახეთში დაფიქსირდა 37 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში – 33, იმერეთში – 29, ქვემო ქართლში – 24, შიდა ქართლში – 17, მცხეთა-მთიანეთში – 16, აჭარაში – 3, გურიაში კი, 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
რაც შეეხება დედაქალაქს, 2022 წლის 01 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, თბილისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 690 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 42 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 3 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.