ვინ ისარგებლებს დასაქმების პროგრამით და რამდენი იქნება ანაზღაურება
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამით სავარაუდოდ, ჯამში 200 ათასზე მეტი ადამიანი უნდა დასაქმდეს.
,,პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული შშმ სტატუსი ან არ აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები.
მოსარგებლეს ექნება საშუალება, აირჩიოს საზოგადოებრივი სამუშაო, ან შრომის ბაზარზე არსებული უნარ-ჩვევების გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისი ვაკანსია, ან თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში, დასაქმების ფორმალიზება მოახდინოს და ჩაერთოს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ქვეპროგრამებში’’,– განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, სოციალურად დაუცვლები დასაქმების შემთხვევაში სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას კვლავაც მიიღებენ.
“პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტები, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სხვა სამინისტროებიც მოახდენენ 50 ათასამდე ვაკანსიის მობილიზებას. პროგრამას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო განახორციელებს და მოსარგებლეს საშუალება ექნება, აირჩიოს: ან საზოგადოებრივი სამუშაო ან შრომის ბაზარზე არსებული უნარ-ჩვევებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისი ვაკანსია. თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში, დასაქმების ფორმალიზება უნდა მოახდინოს. საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მოსარგებლის ოჯახს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა. მოსარგებლეს შემწეობა გაუგრძელდება მაშინაც, თუ იგი არ დათანხმდება არცერთ შემოთავაზებას, მაგრამ 1 წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება”,-აცხადებს ღარიბაშვილი.
პრემიერი ასევე ამბობს, რომ ამ პროგრამაში ჩართული თითოეული მოქალაქე სახელმწიფოსგან დამატებით 300 ლარს მიიღებს. პრემიერის განმარტებით, ბენეფიციარები, ერთი მხრივ, მიიღებენ სოციალურ დახმარებას, რაც შეიძლება იყოს ზოგ შემთხვევაში 400-500 ლარი, ამ თანხას დაემატება სახელწიფოს მიერ დანიშნული 300 ლარი. პრემიერი ფიქრობს, რომ ეს პროგრამა ქვეაყანას სიღარიბის დაძლევაში დაეხმარება.
“მოსარგებლეს შემწეობა გაუგრძელოდება მაშინაც, თუ იგი არ დათანხმდება შემოთავაზებას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება, რაც ვფიქრობთ სამართლიანია. ამ დროის განმავლობაში მას შეეძლება, შეცვალოს გადაწყვეტილება და ხელახლა მიმართოს დასაქმების ან სოციალური მომსახურების სააგენტოს”,-ამბობს ღარიბაშვილი.
მისი განცხადებით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების პროგრამა საჯარო სექტორში დასაქმების ზრდას არ გამოიწვევს.