ახალი ამბები

როგორ მუშაობს სოციალური პროგრამები თელავში

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ძეგლთა დაცვის, სპორტულ-ახალგაზრდული, კულტურულ-საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამები დაამტკიცა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოციალური პროგრამები მეტად უნდა იყოს მორგებული სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე. თელავში მცხოვრები არჩილ მჭედლიშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ ყურადღება უნდა მიაქციოს არა იმას, რომ მეტ ბენეფიციარს დაეხმაროს, არამედ იმას, რომ გაუმჯობესდეს სოციალური ფონი და დახმარების მიღების მსურველთა რაოდენობა შემცირდეს.

არჩილის თქმით, სოციალური პროგრამების რაოდენობის და დაფინანსების გაზრდა ნიშნავს იმას, რომ მუნიციპალიტეტში სოციალური მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდება.

,,18 პროგრამა მუშაობს თელავის მუნიციპალიტეტში და, რეალურად, არცერთი არ არის მიმართული ადამიანების მდგომარეობიდან გამოყვანაზე. ისინი გათვალისწინებულია იმაზე, რომ მოქალაქეებმა მიმართონ მერიას და მცირე დახმარება მიიღონ. მოვუწოდებ მერიას, რომ მოუსმინოს მოქალაქეებს, არასამთავრობოებს და სპეციალისტებს იმისთვის, რომ დაიხვეწოს პროგრამები.

წელს სიახლე ამ კუთხით არაფერია. სოციალური პროგრამების მიდგომა იგივეა რაც გასულ წლებში. მაგალითად, მედიკამენტებით დახმარების პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას მიმართონ მერიას და მოითხოვონ დახმარება. თუმცა ვაწყდებით საკითხს, როდესაც მაგალითად, 200 ლარიან დახმარებაზე მოქალაქეები ცდილობენ სრულად აითვისონ ეს თანხა და მოითხოვონ იმაზე მეტი, რომელიც მათ სჭირდებათ. გამოდის, რომ რეალურად ეფექტიანად და გრძელდვადიანად არ მუშაობს ეს პროგრამები.

ასევე, კითხვის ნიშნებს ბადებს ერთჯერადი ფულადი დახმარების საკითხიც ანუ ადამიანს აქვს პრობლემა, მას სჭირდება შემოსავალი, რომ თავი ირჩინოს და კრიტერიუმებს თუ აკმაყოფილებს, მას მერია ეხმარება. ის იღებს მინიმალურ დახმარებას ერთჯერადად და ეს არ არის შედეგიანი. მე არ მომწონს ის, რომ ამბობენ თანხები გავზარდეთო. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად უარესდება სოციალური ფონი. ჩემი აზრით, მიდგომა უნდა შეიცვალოს და ეფექტურად დაიხარჯოს ის თანხები, რომელიც ისედაც მცირე აქვს მუნიციპალიტეტს. უწყებამ მიზნად დაისახოს ის, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს სჭირდებოდეს დახმარება”,- განუცხადა Knews.ge-ს არჩილ მჭედლიშვილმა.

მიზნობრივი სოციალური პროგრამების არარსებობაზე საუბრობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების კუთხით მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შშმ პირთა მშობელთა კავშირის ,,ლამპარი” დირექტორი, ნინო მაისურაძე, რომელიც ასევე ეტლით მოსარგებლე ახალგაზრდის დედაა, აცხადებს რომ შშმ პირების დასახმარებლად სოციალური პროგრამები თითქმის არ არსებობს და მათი საკითხები მხოლოდ ქვეპროგრამებშია ჩაშლილი. ეს კი, ხშირად, არასაკმარისია და არაეფექტური.

,,მნიშვნელოვანია ამ საკითხებს მერიამ მეტი ყურადღება მიაქციოს. სოციალური პროგრამები შშმ პირებისთვის, ასე ვთქვათ, არ არსებობს. ძირითადად ქვეპროგრამები მუშაობს. ერთ-ერთია ის, რომ დღის ცენტრებს ექცევა შედარებით ყურადღება. რეალურად კი, შშმ პირები არსებული პროგრამების მიღმა რჩებიან. მაგალითად, აუტისტურ სპექტრზე რომ ვისაუბროთ, საკმაოდ მცირეა ის, რასაც იღებენ ბავშვები. კარგი იქნება მუნიციპალიტეტის მერია მეტად თუ დაეხმარება და გაზრდის ამ მიმართულებით დაფინანსებას. მითუმეტეს, რომ გარდა მაგისა, პრობლემაა რაიონებში ამ კუთხით მომუშავე სპეციალისტების.

მე ასევე მინდა მედიკამენტების დახმარების პროგრამაზე ვისაუბრო. გასულ წლებში 600 ლარს ვიღებდით ჩვენ მედიკამენტების პროგრამის ფარგლებში. 300 ლარით შეგვეძლო წამლები გამოგვეტანა და 300 ლარით ჰიგიენური საშუალებები შეგვეძინა. ვიცით, რომ პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა ყველაფერს და ჩვენც შეგვიმცირდა ამ კუთხით დახმარება. ახლა ვიღებთ 300 ლარს. როცა მერიას დახმარებისთვის მივმართავთ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სრულად ავიღოთ თანხა, რადგან მეორედ მიმართვის უფლება აღარ გვაქვს. მე თუ პირველ ეტაპზე დამჭირდება 50 ლარის მედიკამენტები, თანხის სრულად აღების მერე ვიმარაგებთ სხვა თვეებისთვისაც წამლებს.

18 წელს ზემოთ შშმ პირები კი არანაირ პროგრამებში არ არიან ჩართული და თუ არ არის ის სოციალურად დაუცველი, იმ დახმარებებსაც ვერ იღებენ, რასაც უწყება გასცემს. გასულ წელს ჩვენ შშმ პირების საჭიროებების კვლევაშიც მივიღეთ მონაწილეობა და თითქმის ყველა ოჯახი იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, რაც ძალიან სამწუხაროა”,- განუცხადა knews.ge-ს ნინო მაისურაძემ.

თელავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტმა 28 მილიონ 302 000 ლარი შეადგინა. გასული წლების მსგავსად, ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებებია ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება, სკოლამდელი აღზრდა, კულტურა და ახალგაზრდული საკითხები.

გასულ კვირას თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ძეგლთა დაცვის, სპორტულ-ახალგაზრდული, კულტურულ-საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამები დაამტკიცა. უწყებაში განმარტავენ, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით ბიუჯეტში 2 მილიონ 800 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით არის გაზრდილი.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა ითვალისწინებს 0-1 წლამდე ასაკის ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით, მრავალშვილიანი ოჯახების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ შშმ პირთა 18 წლამდე შვილებისა და 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულ პირთა დახმარებას, სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების ან/და მედიკამენტებისა და ასევე, ონკოლოგიურ (ავთვისებიანი სიმსივნე) პაციენტთა სამედიცინო მომსახურების, მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების დაფინანსებას.

უწყებაში განმარტავენ, რომ 18 პროგრამა მუშაობს და მათი მიზანია თელავის მუნიციპალიტეტში არსებული საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა, უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი განმარტავს, ყველა პროგრამა დაგეგმილია მოწყვლადი ჯგუფების პრიორიტეტების მიხედვით.

,,წელს პროგრამები დაემატა და დაფინანსებაც არ შემცირებულა, პირიქით გაიზარდა. სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით 2 პროგრამა დაემატა:- ეს არის გაზიფიცირების გარეშე არსებულ დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის თხევადი აირით უზრუნველყოფის პროგრამა და კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამა. ასევე, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ბენეფიციართა რაოდენობა და მათი დაფინანსება. კერძოდ, სამედიცინო მომსახურების მხრივ, მაგალითად, 1000 ლარიანი დახმარება გაიზარდა 2 000 ლარამდე, გაორმაგდა ასევე ახალშობილთა ოჯახების ფულადი დახმარება და ერთ წლამდე ბავშვების საკვები პროდუქტების დაფინანსება.

მოსახლეობის იმ მოსაზრებას, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯება და არ არის პროგრამები მათ საჭიროებებზე მორგებული, ვერ დავეთანხმებით. ყველა პროგრამა დაგეგმილია მოწყვლადი ჯგუფების პერიორიტეტების მიხედვით.

რაც შეეხება შშმ პირებს, მათთვის გვაქვს სხვადასხვა სახის დახმარებები: ეს არის სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტებით დახმარება და სხვადასხვა დამხმარე საშუალებები, ელექტროენერგიის სუბსიდირება, დღის ცენტრები, მუსიკათერაპიის კურსები და საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის სხვადასხვა ღონისძიებები. ამასთან, დამატებით, ეტლით მოსარგებლე პირებს 97 ეტლი გადავეცით. რაც შეეხება მრავალშვლიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მათთვის გვაქვს ყოველთვიური დაფინანსება, ელექტროენერგიის სუბსიდირება, სადღესასწაულო დღეებში საკვებით და სხვა საჭიროებებით დახმარების პროგრამა და სხვადასხვა აქტივობები”,– განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ მეტრეველმა.