თელავში მცხოვრებმა მუსიკოსმა უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა მუსიკით გამოუცხადა
თელავში მცხოვრებმა ცნობილმა მუსიკოსმა, სოსო მიქელაძემ, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად საკუთარი ინტერპრეტაციით უკრაინული სიმღერა შეასრულა.
სიმღერამ საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. მუსიკოსმა განაცხადა, რომ მან ერთ-ერთი უკრაინული სიმღერა ,,ჩერვონა რუტა” შეასრულა.
,,ეს არის უკრაინული ცნობილი სიმღერა ,,ჩერვონა რუტა”, რაც ნიშნავს ზღაპრულ ყვავილს. ეს სიმღერა 70-იანი წლებიდან უკრაინის სავიზიტო ბარათია და ძალიან უყვართ მათ. მეც ძალიან მიყვარს ეს სიმღერა, რადგან სიყვარულით სავსეა.
პირველ რიგში, ეს არის წმინდა ადამიანური თანადგომა იმიტომ, რომ ის რაც ხდება ახლა უკრაინაში, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს და ყველანაირ ადამიანურ ნორმებს. პოლიტიკური თანადგომაც მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ანალოგიურ პირობებში არიან, რაშიც ჩვენ. მათ მიმართ თანადგომა ნიშნავს საკუთარი საკუთარი თავის თანადგომას.
იქ წყდება ზუსტად საქართველოს ბედი. დღეს საქართველოს ხელისუფლება გახდა უუნარო, დასავლური სახელმწიფოების ინტერესის ცენტრში აღარ არის და მთელი ყურადღება გადავიდა უკრაინის მხარეს. სწორედ იქ გადაწყდება დასავლეთი დადგება თუ არა ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფოების გვერდით.
რაც უფრო მეტი ადამიანი განაცხადებს, რომ განვითარებაზეა ორიენტირებული და არა პუტინის მომაკვდავ სახელმწიფოსთან კავშირზე, მეტი შანსია, რომ საქართველოს და მსოფლიოს ჰქონდეს პოზიტიური მომავალი. ახლა მხარს როცა უკრაინას უჭერ, ეს არის ფსონის დადება სიცოცხლეზე”,- განუცხადა Knews.ge-ს სოსო მიქელაძემ.