ახალი ამბები

სოფელ კონდოლში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, სოფლიდან მოშორებით, რამდენიმე კილომეტრში მდებარე საქონლის ფერმაში ორი ადამიანი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც მწყემსად მუშაობდა. შემთხვევას შეესწრო ოჯახში მცხოვრები არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც პოლიციამ ფერმაში თოკით დაბმული იპოვა. მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

შემთხვევა ადგილობრივი ბიზნესმენის კუთვნილ ფერმაში მოხდა. გარდაცვლილები მისი ახლობლები იყვნენ და მეურნეობას პატრონობდნენ.

ერთ-ერთი ვერსიით, ოჯახმა ყვარელში მიწა გაყიდა და გარკვეულ თანხას ფლობდა, რის შესახებაც თავად მკვლელობაში ეჭვმიტანილმა იცოდა. სწორედ ამის გამო მოხდა კონფლიქტი პირებს შორის.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცმა ჯერ ოჯახის მოწამვლა სცადა, შემდეგ კი ცოლ-ქმარი  სასიკვდილოდ დაჭრა. 

გარდაცვლილები ჯერ გურჯაანის პროზექტურაში, შემდეგ კი საკუთარ სახლში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატანში გადაასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია და მისი ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.