ახალი ამბები

საგარეჯოში, მარიამჯვრის ნაკრძალთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იწყება

“საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში, “მარიამჯვრის ნაკრძალის ტურისტული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მისასვლელი გზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა” იწყება.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ უწყებამ სოფელ მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ხელმისაწვდომობის გაზრდის, მისასვლელი გზის რეაბილიტაციისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე, 2`360`640.00 ლარზე ტენდერი 4 თებერვალს გამოაცხადა.

,,პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სტრატეგიული მიზანია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ტურისტული შეთავაზების გაუმჯობესება, ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა.

პროექტი ითვალისწინებს 4 კმ გრძივი მეტრი გზის მოასფალტებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. ახალი გზა ვიზიტორებს დააკავშირებს როგორც მარიამჯვრის ნაკრძალთან, ასევე ერთმანეთთან დააკავშირებს ორ სოფელს – ანთოკს და მარიამჯვარს.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მარიამჯვრის ნაკრძალის პოპულარიზაციას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფლის მოსახლეობის საერთო სოციალურ ფონს, მოეწყობა საოჯახო სასტუმროები და კვების ობიექტები, რაც აუცილებელი პირობა გახდება ვიზიტორთა ზრდის ტემპიდან გამომდინარე და ხელი შეეწყობა ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას.
სოფელ მარიამჯვარს აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და ახლოს მდებარე სახელმწიფო ნაკრძალი, შერეული ტყის ფართობი ბუნებრივად ქმნის განსაკუთრებულ კლიმატს, რაც ბოლო პერიოდში სოფელში მუდმივად მაცხოვრებელთა და ვიზიტორების ზრდას განაპირობებს. მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის და ისეთი ტურისტულად სტრატეგიული ადგილის პოპულარიზაციისთვის, როგორიც მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალია.
მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი ცივ-გომბორის ქედის სამხრეთ კალთებზე, ქ. საგარეჯოს ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, სოფ. ანთოკის ჩრდილოეთით მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 1022,5 ჰა-ს შეადგენს. მარიამჯვრის ნაკრძალის შექმნას საფუძვლად კავკასიის რელიქტის – სოსნოვსკის ფიჭვის ხელუხლებელი ლანდშაფტების დაცვა-შენარჩუნება დაედო. მათი ანალოგი არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც არ მოიპოვება
აღნიშნულიდან გამომდინარე, სოფელ მარიამჯვართან მისასვლელი გზის და თანმხლები ინფრასტრუქტურის მოწყობა ეკოტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც თავისთავად ადგილობრივებს დაეხმარება მცირე ბიზნესის წამოწყებაში, ხოლო გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა ასევე ხელს შეუწყობს ნაკრძალის ტერიტორიაზე სამეცნიერო კვლევით საქმიანობებს”,
-აცხადებენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.