ახალი ამბები

აუდიტის სამსახურმა 112-ის სატელეფონო გადასახადის აღრიცხვაში ხარვეზები აღმოაჩინა

საქართველოში მობილური ტელეფონის ყველა აბონენტს, რომელსაც თვეში 5 ლარზე მეტი გადახდა უფიქსირდება, თვეში 40 თეთრი ავტომატურად, შსს-ს დაქვემდებარებაში არსებული 112-ის გადასახადის სახით ეჭრება.

აუდიტის სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ თავად 112-ს ამ გადასახადის ადმინისტრირებაში ხარვეზები აქვს. აუდიტის სამსახური წერს, რომ თავად 112-ის პოზიციით, უწყებას აქვს მისაღები თანხა ოპერატორებისგან, რაც 2.15 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა ამ თანხის დავალიანების დადასტურებისთვის უწყებას კომუნიკაციების კომისიისთვის არ მიუმართავს.

“მოქმედი კანონმდებლობით, „112-ის“ მომსახურების საფასურის გადამხდელები არიან სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები, რომლებისგან თანხების ამოღება ხორციელდება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი პირების მეშვეობით (შემდგომში − ოპერატორი). ამოღებული თანხები ოპერატორების მიერ ყოველთვიურად ირიცხება „112“-ის ანგარიშზე. შემოსავლების მიღებისა და აღრიცხვის პროცესი ხასიათდება სხვადასხვა ნაკლოვანებით, კერძოდ:

მომსახურების საფასურის გაანგარიშება ხდება ოპერატორი ქსელების საბილინგო სისტემაში, რომელზეც ორგანიზაციას წვდომის და შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმების უფლება არ აქვს. მომსახურების საფასურის გაანგარიშების მაკონტროლებელი ორგანოა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომლისთვისაც 2020 წელს „112“-ს საბილინგე სისტემის შემოწმების მიზნით არ მიუმართავს.

მომსახურების საფასურის დარიცხვის შედეგად წარმოშობილი დებიტორული დავალიანებიდან ექვსი ოპერატორის მიმართ რიცხული მოთხოვნის ნაშთი შეადგენს 2,155,866 ლარს, საიდანაც 1,518,958 ლარის დავალიანებაზე ორ ოპერატორთან (ვიონი და სილქნეტი) წლის ბოლოს შედარების აქტი არ გაფორმებულა. აუდიტის მიმდინარეობისას, ნაშთის დასტურის მიზნით მათ გაეგზავნათ შესაბამისი წერილები, თუმცა პასუხი არ მიგვიღია და ვერც ალტერნატიული პროცედურებით დავრწმუნდით აღნიშნული მოთხოვნების სიზუსტეში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „112“-ის მომსახურების საფასურის ფორმირების სისტემა სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს შემოსავლებისა და მოთხოვნების სისწორესა და სიზუსტეს,”- წერს აუდიტის სამსახური.

აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა ისიც, რომ 112-ს როგორც დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე სსიპ-ს აქვს ვალდებულება რომ საკუთარი შემოსავლების 10% მიმართოს სახელმწიფო ბიუჯეტში, თუმცა ორგანიზაციას ეს არ გაუკეთებია, რის გამოც, მას ბიუჯეტის წინაშე 2.6 მილიონი ლარის დავალიანება აქვს.

“112-ს 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საგადასახადო აღრიცხვის ბარათზე ერიცხება 2,602,215 ლარის (მათ შორის, საურავი შეადგენს 507,752 ლარს) საგადასახადო დავალიანება, რაც გამოწვეულია მათი დაფარვისთვის საკმარისი ფინანსური რესურსების არარსებობით. 2020 წელს „112“-მა ფინანსთა სამინისტროს მიმართა დავალიანების ჩამოწერის მიზნით, თუმცა თანხები არ შემცირებულა.

„112“ ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტია, შესაბამისად, ორგანიზაციის უწყვეტი ფუნქციონირების მიზნით, მნიშვნელოვანია ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით ზემოაღნიშნული საკითხის გადაწყვეტა.

საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა ყოველი კვარტლის ბოლოს კანონმდებლობით ნებადართული საკუთარი შემოსავლების 10% უნდა მიმართონ სახელმწიფო ბიუჯეტში. საგულისხმოა, რომ აღნიშნული გადასახდელების დაფარვის მიზნით, 2020 წელს „112“-ს 3,000,000 ლარის მიმდინარე გრანტი მიღებული აქვს სსიპ – შსს მომსახურების სააგენტოსგან,”– წერს აუდიტის სამსახური.