ახალი ამბები

ვის შეეხება დენის ტარიფის სუბსიდირება

მოსახლეობის ნაწილს მთავრობა დენის ტარიფს მთელი, 2022 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს.

სემეკ-ის თავმჯდომარის დავით ნარმანიას თქმით, სუბსიდია შეეხება დაახლოებით 1 მილიონზე მეტ ადამიანს ანუ 310 ათას აბონენტს (ოჯახს). სუბსიდია შეეხება სოციალურად დაუცველებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 ათასზე ნაკლებია.

“მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტროენერგიის ტარიფის ნაზრდი – 3.5 თეთრი დაუფინანსდება იმ აბონენტებს, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი და 150 ათას ქულაზე ნაკლები სარეიტინგო მაჩვენებელი გააჩნიათ. მთელი წლის განმავლობაში მოხდება ტარიფის ნაზრდის დაფინანსება, რისთვისაც ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯება. ასეთი, ბაზაში რეგისტრირებულ აბონენტთა რაოდენობა 310 ათასზე მეტია, თუმცა მოსახლეობა – თითოეულ ოჯახში მაცხოვრებელთა რაოდენობაზე გადამრავლების მიხედვით, მილიონ მოქალაქეზე მეტია.

პროექტის და შესაბამისად, ტექნიკური დეტალების კომპანიებთან შეჯერებას მარეგულირებელი კომისია განახორციელებს. ასევე, ჩვენი გადაწყვეტილების მიხედვით, აბონენტი, რომელთაც დაუსუბსიდირდებათ აღნიშნული ტარიფის ნაზრდი, ქვითართან ერთად მიიღებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მათი ტარიფიდან 3.5 თეთრი არის დასუბსიდირებული სახელმწიფოს მიერ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.