ახალი ამბები

თელავში ისტორიული ჭადრის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა იგეგმება

ქალაქ თელავის ურბანული განახლების ფარგლებში, ისტორიული ჭადრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტის განხორციელება იგეგმება.

აღნიშნულ საკითხზე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს. უწყებაში განმარტავენ, რომ გარდა აღნიშნული საკითხისა, ალაზნის გამზირის საგზაო ინფრასტრუქტურისა და თელავის ხევის სრული რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

თეიმურაზ ბაგრატიონის და ზაირა კიკვიძის ქუჩების ურბანული განახლების მიზნით, მოხდება ისტორიული შენობება-ნაგებობების ფასადების და სახურავების, ასევე, გივი ჩოხელის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე არსებული სათადარიგო ფეხბურთის მოედნის რეაბილიტაცია.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, რომ აღნიშნული პროექტები საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე განსახილველად წარსადგენი დამატებითი პროექტების არასრული ჩამონათვალია. აღნიშნული პროექტები თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოიწონა.
ჯამში, კონკურსზე, 2022 წელს თელავის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი 30-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტია წარდგენილი.