ევროსაბჭოს კონგრესს, ათეა-სა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოში ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან და საქართველოს ცამეტ მუნიციპალიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
ათეა-ს პრეზიდენტთან და თბილისის მერთან – კახა კალაძესთან ერთად, დოკუმენტებს ჩოხატაურის, ოზურგეთის, წყალტუბოს, ზესტაფონის, დედოფლისწყაროს, ბოლნისის, დმანისის, ასევე, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის, ონისა და ბორჯომის თვითმმართველი ერთეულის ხელმძღვანელმა პირებმა მოაწერეს ხელი.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინფორმაციით, მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეები გამოხატავენ თავიანთ მზაობას, გააუმჯობესონ ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხი ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებით და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადამიანის უფლებების ინტეგრირებით. ასევე, ხელი შეუწყონ მოქალაქეებზე ორიენტირებულ, ღია, ინკლუზიურ და გენდერულად მგრძნობიარე ადგილობრივ მმართველობას.
ხელმოწერის ცერემონიალი ათეა-სა და ევროსაბჭოს კონგრესის თანამშრომლობით გამართული მასშტაბური ღონისძიების -,,უთანასწორობის შემცირება და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა, რომელშიც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალური მდივანი – ანდრეას კიფერი, ურთიერთთანამშრომლობისა და საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი – მარიტე მორასი, ასევე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობების, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, იღებდნენ მონაწილეობას.