ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტში, ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის საპილოტე პროექტის ინსპექტირება განხორციელდა

თელავის მუნიციპალიტეტში, ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის საპილოტე პროექტის ინსპექტირება განხორციელდა.

მუნიციპალიტეტში, „ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ საპილოტე პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს როგორც არსებული, ისე დეგრადირებული და განადგურებული ქარსაფარი ზოლების გამოვლენა, აღნიშნულ ნაკვეთებზე არსებული მცენარეების სახეობრივი შემადგენლობის და ხნოვანებითი სტრუქტურის განსაზღვრა და შესაბამისი მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის მიერ პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ და სააგენტოს მიწის მიზნობრივი გამოყენების და მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პაატა ჭიპაშვილმა დაათვალიერეს და შესაბამისობის დასკვნითი ინსპექტირება განახორციელეს.

“წინასწარი მონაცემებით, თელავის მუნიციპალიტეტში აღირიცხება და საჯარო რეესტრში ქარსაფარ ზოლად დარეგისტრირდება, დაახლოებით, 430 ჰექტრამდე მიწის ფართობი; კერძო მფლობელობაში არსებული ქარსაფარი ზოლის შემთხვევაში, მათთვის სტატუსის მინიჭება მესაკუთრეებთან შეთანხმებით მოხდება.

„ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის პროცესი 2025 წელს დასრულდება”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.