ახალი ამბები

მოსახლეობის რა ნაწილს დაუფარავს მთავრობა ელექტროენერგიის ტარიფს?

პარლამენტი 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიას განიხილავს.

ერთ–ერთი კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დეპუტატების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მოსახლეობის ყველა ფენისთვის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება მიზანშეწონილი არ არის.

მისი თქმით, სახელმწიფო პოლიტიკა მხოლოდ მოწყვლადი ჯგუფების დახმარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

“მოსახლეობამ, რომელიც მოწყვლად ჯგუფს არ განეკუთვნება, ტარიფი უნდა გადაიხადოს და ბიუჯეტიდან დაფინანსება არ უნდა ხდებოდეს. მოწყვლადი ჯგუფები რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მიერ უნდა დაფინანსდნენ, ხოლო არამოწყვლადი ჯგუფები თავად უნდა იყვნენ დამფინანსებლები”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი ამოქმედდა. კერძოდ, სემეკ-ის გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან ელექტროენერგიის კომერციული ტარიფი საშუალოდ 11-13 თეთრით გაიზარდა, ხოლო სამომხმარებლო ტარიფი 3.5 თეთრით – თითოეულ საფეხურზე. აღნიშნულის გამო, მთავრობამ როგორც სამომხმარებლო, ისე კომერციული ტარიფის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო.

სემეკ-ის მონაცემებით, 2021 წლის რვა თვეში ფიზიკური აბონენტებისთვის დენის გაზრდილ ტარიფებს შორის სხვაობის სუბსიდირებისთვის 35.4 მლნ ლარი დაიხარჯა, ხოლო მეწარმე სუბიექტების სუბსიდირება 6.5 მლნ ლარი დაჯდა.