„ვმუშაობდით ფერმერებთან, რომ მათ აქცენტი გაეკეთებინათ ხარისხზე და არა რაოდენობაზე“ – ლევან მეხუზლა
რთველი-2021 კახეთში დასასრულს უახლოვდება, რეგიონში ვენახების ძირითადი ნაწილი დაკრეფილია.
რამდენიმე დღეში ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოწეული ყურძენიც დაბინავდება, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარე, ლევან მეხუზლას შეფასებით, უკვე შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ წლევანდელი რთველი წარმატებით ჩატარდა.
-შეიძლება ითქვას, რომ კახეთში რთველი დასასრულისკენ მიდის, დაიკრიფა ვენეხები და სრულად ჩაბარდა ყურძენი დედოფლისწყაროს, სიღნაღის, თელავის მუნიციპალიტეტებში. ასევე დაკრეფილია ვენახები გურჯაანსა და ყვარლში. შედარებით აქტიურობს ამ ეტაპზე ახმეტა და საგარეჯო, თუმცა უნდა ითქვას, რომ რამდენიმე დღეში რთველი იქაც დასრულდება. ამ ეტაპისთვის სულ გადამუშავებულია 230 ათასი ტონა ყურძენი, რა თქმა უნდა, მათ შორის ჭარბობს რქაწითელი, საფერავი კი, 70 ათას ტონას გადასცდა.
საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, უკვე შეიძლება დასკვნების გაკეთება, რომ რთველი წარმატებულად დასრულდა. წელს შედარებით ნაკლებია მოსავალი, ვიდრე შარშან იყო, ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.
მთელი წლის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით ფერმერებთან, რომ მათ აქცენტი გაეკეთებინათ ხარისხზე და არა რაოდენობაზე, ვენახში შესაბამისი ოპერაციების ჩატარებით და როგორც ჩანს, ამან გამოიღო გარკვეული შედეგი, ამიტომაც რიგ შემთხვევებში ხარისხის ხარჯზე, რაოდენობა შემცირებულია. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ამინდიც, რამაც ზემოქმედება მოახდინა როგორც ყურძენზე, ასევე რთველის მიმდინარეობაზე.
-სიახლე იყო წელს, ყურძენი კადასტრის ამონაწერის საფუძველზე ბარდებოდა, ხომ არ იყო შეფერხებები და რამდენად ჰქონდათ გაცნობირებული მევენახეებს ამის საჭიროება?
-უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროექტიც წარმატებულად ჩატარდა წელევანდელ რთველში, კახეთის მასშტაბით, სრულად ჩაბარდა ყურძენი საკადასტრო ამონაწერების საფუძველძე. დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ არცერთი გრამი ყურძენი არ ჩაბარებულა ამ ამონაწერის გარეშე. რთვლამდე ჩვენ უკვე გვქონდა 80-90 პროცენტი ამონაწერების გაცემული და ვენახებიც აღწერილი, ასევე რთველის მიმდინარეობის პარალელურად, ჩვენი ოპერატორები კახეთის მასშტაბით ოპერატიულად გასცემდნენ ამ ამონაწერებს, რომ არ ყოფილიყო შეფერხება ყურძნის ჩაბარების დროს და იმ ხალხსაც, ვინც წლის განმავლობაში ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო ვერ მოახერხა ამონაწერის აღება, ჰქონოდა საშუალება, რომ უკვე რთველის დროს აეღო ეს დოკუმენტი.
უნდა აღვნიშნო, რომ კადასტრი არის მუდივმოქმედი პროექტი, რომელიც ცხადია მომავალ წელსაც გაგრძელდება და კიდევ უფრო დაიხვეწება.
მინდა მოსახლეობას ვურჩიო, დროულად გვაცნობონ ნებისმიერი ის ცვლილება, რასაც ისინი მოახდენენ ვენახში: იქნება ეს ვენახის ჩანაცვლება, ამოძირკვა, სხვა ფერმერისთვის გადაცემა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი წლის განმავლობაში უნდა აისახოს კადასტრში და მომავალ წელს კიდევ უფრო დახვეწილი, კიდევ უფრო სრულყოფილი ინფორმაციით შევხვდებით რთველს.