თუშეთში, ოთხ სოფლამდე მისასვლელი გზის გასაკეთებლად ადგილობრივებმა თანხის შეგროვება დაიწყეს
თუშეთში ,,ივანაურთის” ხეობის ოთხ სოფელში, კერძოდ კი ვესტომთაში, ვესტმოში, საჩიღოლოსა და გოგრულთაში გზის გასაკეთებლად საჭირო პროექტის შესამუშავებლად ადგილობრივებმა თანხის შეგროვების კამპანია დაიწყეს.
აქციის ინიციატორების ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის პროექტის შესამუშავებლად 40 000 ლარია საჭირო, რომლის შემდეგაც გზის 16 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილტაცის პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი.
,,ერთად გავაცოცხლოთ გზის გარეშე დარჩენილი თუშეთის სოფლები”- ასე ჰქვია ადგილობრივების ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც უკვე მესამე დღეა თანხის შეგროვების კამპანია დაიწყო.
იდეის ავტორების განცხადებით, თუშეთი განსაკუთრებულია, ადამიანები და ლანდშაფტი უნიკალურ გარემოს ქმნიან ამ პატარა მხარეში. მიუხედავად ამისა, გასაოცარი არქიტექტურის მქონე სოფლები ჯერ კიდევ დარჩენილია სამანქანე გზის გარეშე. ივანაურთას თემის სოფლები – ვესტომთა, ვესტმო, საჩიღოლო, გოგრულთა – დღემდე ბილიკით უკავშირდება გარესამყაროს.
საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის წევრის, ანა იმედაშვილის ინფორმაციით, უგზოობის მიუხედავად, თუში მოსახლეობა ურთულესი პირობების, ჯაფისა და შრომის ფასად ცდილობს აქ სიცოცხლის შენარჩუნებას.
მისი თქმით, ადგილობრივები საკვებს თუ სამშენებლო მასალას ეზიდებიან ზურგითა და ცხენებით, მისდევენ ტრადიციულ მეცხვარეობას, მესაქონლეობას და ჩვენს ქვეყანას უნარჩუნებენ ძვირფას ღირებულებებს, ქმნიან დოვლათს.
,,თუშეთში, გომეწრის ხეობაში არის ე.წ. ივანაურთის თემი, ესაა ულამაზესი ხეობა, სადაც რამდენიმე სოფელი და ნასოფლარია. ვესტმო, ვესტომთა, საჩიღოლო, გოგრულთა. ეს ის სოფლებია, სადაც ზაფხულობით მოსახლეობის ძალიან მცირე რაოდენობა ადის, რადგან ამ ხეობაში სამანქანე გზა არ შედის. მანქანა მიდის სოფელ ილიურთამდე, შემდეგ ბილიკს უნდა შეუყვე ფეხით, გაიარო სოფელი ბუხურთა და ამ ოთხი სოფლის გზას დაადგე, რომელიც მიდის მთის ფერდებზე დაჭრილ ბილიკზე. ცნობისთვის, ვესტომთაში ქარსამაულების ოჯახის საცხვრე ბინაა, ეს ოჯახი მთელს სეზონს აქ ატარებს და ის იშვიათთაგანია, რომლებიც ცხვრის გუდის ყველს ნამდვილ გუდაში ამზადებენ. National Geographic-მაც მიუძღვნა სტატია თუშეთს, რომელმაც საერთაშორისო ეტაპზეც გაიმარჯვა და ყველა ჟურნალში მოხვდა. სწორედ ამ ოჯახზეა ამბავი, რომელიც სტატიაში მოყვანილი. გოგრულთაში მაგალითად სასტუმროც არის.
აქ საშენი მასალა და საკვები ცხენებით ააქვთ დაფერდებულ ტყიან გზაზე და ამის ამსახველი ფოტოებიც და ვიდეოებიც უამრავია. წლებია ეს ხალხი ითხოვს გზას, თუმცა არ დაადგა საშველი. ჩვენ, საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის წევრები და მეგობრები, ვეხმარებით ამ პროექტს თანხის მობილიზებაში. პროექტი დაწყებულია, ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს და დაიწყოს ეტაპების გავლა დასამტკიცებლად. გაზაფხულისთვის მზად იქნება ყველაფერი და უკვე შეიძლება გზის გაჭრაზე საუბარიც”,- განუცხადა Knews.ge-ს ანა იმედაშვილმა.
მისი განმარტებით, გზის გაყვანის დაპირება და მზაობა არის სახელმწიფოსგან, თუმცა გზის პროექტის შესადგენი თანხა, 40 000 ლარი, მაინც მოსაძიებელია.
პროექტის ინიციატორი ირაკლი რაინაული აცხადებს, რომ აუცილებელია გზის რეაბილიტაციის პროექტი შესაბამისი იყოს და დააკმაყოფილოს ყველა სტანდარტი.
მისი თქმით, პროექტის განხორციელების მერე აღნიშნულ სოფლებში ტურისტული მიმართულებით მუშაობა გახდება შესაძლებელი.
,,ამ ოთხ სოფელში ინგრევა უძველესი სახლები. აღნიშნული გზის გაკეთების იდეა ყოველთვის იყო , რადგან ჩვენც ერთ-ერთი სოფლიდან ვართ, სადაც გზა არ მიდის. ამ ზაფხულს კიდევ ერთხელ ვიყავით ასულები და დავინახეთ, რომ ნელ-ნელა ინგრევა ყველაფერი. იქ სამშენებლო მასალის მიტანაც შეუძლებელია და ზოგადად რამის გაკეთებაც. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ აგვერჩია ეს გზა. გვინდა ადამიანების დახმარებით მოვაგროვოთ გზის საპროექტო სამუშაოების ფული”,- განაცხადა ირაკლი რაინაულმა.
მისი თქმით, გზის გაყვანა სახელმწიფოს რესურსებით მოხდება, თუმცა მანამდე საჭიროა პროექტი. ამჟამად შედგენილია გზის ტოპოგრაფიული ნახაზი. შემდეგ ეტაპზე კი გასაკეთებელია გეოლოგიური კვლევა, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.
,,ამ საკითხზე გვქონდა კომუნიკაცია ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიასთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან. დაგვპირდნენ, რომ პროექტის არსებობის შემთხვევაში ისინი დააფინანსებენ გზის მშენებლობას. 16 კილომეტრიანი გზა უნდა დაიგოს, რომელიც ოთხივე სოფელს მოიცავს. ამიტომ ჩვენი ძალებით ვიპოვეთ საპროექტო კომპანია, რომელიც გამოცდილია თუშეთში მსგავსი პროეტის განხორციელებაში. პირველ ეტაპზე იქ წაყვანილი გვყავდა ტოპოგრაფები, დენდროლოგები და ინჟინერი. შედგა ტოპოგრაფიული ნახაზი და აღირიცხა ხეები. ასევე თუშეთში დიდი ადგილი დაცულ ტერიტორიებს ეკუთვნის და ისე დაპროექტდა, რომ არ შევიჭრათ დაცული ლანდშაფტის საზღვრებში. ამ ეტაპზე დარჩენილი და გასაკეთებელია გეოლოგიური სამუშაოები. შემდეგ უკვე გვექნება პროექტი”,– აცხადებს ირაკლი რაინაული.