შსს არჩევნების მიმდინარეობის დროს გამოვლენილ ინციდენტებზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 ოქტომბერს, არჩევნების მიმდინარეობის დროს გამოვლენილი ინციდენტებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ინციდენტებზე მომხდარი რეაგირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, პოლიციამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება.
როგორც შსს-ში აცხადებენ, საერთო ჯამში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა.
„ამ დროის მონაცემებით, პოლიციამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება.
ყვარლის რაიონული სამმართველოში, N10 საარჩევნო უბანთან განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
რაც შეეხება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარში, N22 საარჩევნო უბანში მომხდარ დაპირისპირების ფაქტს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს, რაც კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ძალადობას გულისხმობს.
პოლიციამ კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, ორასამდე ინციდენტზე მოახდინა რეაგირება. საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით, თითოეულ ფაქტზე, პოლიციამ განახორციელა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები – დადგენილი წესის შესაბამისად, პირველ ჯერზე შესაბამის პირებს მითითება მიეცათ და მხოლოდ კახეთში ერთ შემთხვევაში დაჯარიმდა მოქალაქე ადმინისტრაციული წესით – 2000 ლარის ოდენობით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს აქტიურად თანამშრომლობას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის აპარატთან“, -აცხადებენ შსს-ში.