ISFED – კვლავ ფიქსირდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ცნობით, დამკვირვებლებისგან მიღებული ინფორმაციით, კვლავ ფიქსირდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები, რაც გამოიხატება ბიულეტენების საარჩევნო უბანზე მყოფი პირებისთვის ჩვენებაში.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მრავალჯერადი დარღვევები დაფიქსირდა მარნეულის ორ საარჩევნო უბანზე, სადაც გამოვლინდა პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის არაერთი შემთხვევა, მარკირების შემოწმებისა და ჩატარების გარეშე ხმის მიცემის არაერთი ფაქტი, აგრეთვე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. ორგანიზაციამ აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრის შედეგების ბათილობა მოითხოვა.
„გრძელდება უბნის შიგნით, უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა და მათი პირადი ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემა.
კვლავ პრობლემად რჩება „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვა, რაც, ძირითადად, გამოიხატება მათთვის მტრული გარემოს შექმნაში. აღნიშნული ფიქსირდება საარჩევნო უბნების გახსნის მომენტიდან და აქვს განგრძობადი ხასიათი.
ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის PVT შედეგების საფუძველზე:
ხმების პარალელური დათვლის (PVT) მონაცემებით, 17:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 41.3% (+/-0.7% ცდომილების ხარისხით) შეადგინა, რაც სტატისტიკურად მცირე ზრდას წარმოადგენს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაბამის მონაცემთან შედარებით (36.7%);
თბილისში, 17:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 39.1%-ია (+/-0.7% ცდომილების ხარისხით), რაც ასევე წარმოადგენს მცირედ ზრდას 2017 წლის ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემთან შედარებით (34.7%);
რეგიონებში (თბილისის გარდა) ამომრჩეველთა აქტივობამ 42% (+/-0.7% ცდომილების ხარისხით) შეადგინა; იგივე მონაცემი 2017 წელს, 17:00 საათისთვის, უფრო დაბალი, 37.5% იყო.
საარჩევნო უბნების 98.9%-ზე, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, კენჭისყრის პროცესი კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობდა, რაც სტატისტიკურად იგივეა რაც 2020 წლის შესაბამისი მონაცემი (96.2%).
გარე დაკვირვების სტატისტიკა PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით
„სამართლიანმა არჩევნებმა“ უბნის გარეთ მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია შერჩევაში მოხვედრილი 121 უბნიდან სრულად მიიღო. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად:
გარე დაკვირვების უბნების 20%-ზე, 100 მეტრამდე პერიმეტრში, შეინიშნებოდა პირთა საეჭვო შეკრება. უბნების 8.3%-ზე შეკრება 100 მეტრის გარეთ ხდებოდა;
გარე დაკვირვების უბნების 13.3%-ზე, 100 მეტრამდე პერიმეტრში მიმდინარეობდა ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა, პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციის ან სხვის მიერ. უბნების 4.2%-ზე აღრიცხვა ხდებოდა 100 მეტრის გარეთ;
უბნების 18.3%-ზე შეინიშნებოდა ამომრჩეველთა ორგანიზებული და არაერთჯერადი მობილიზება/ტრანსპორტირება საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად;