28 სექტემბერს ალავერდობა აღინიშნება- ბლოგი
ალავერდობა ღირსშესანიშნავი დღეებისგან შემდგარი უძველესი დღესასწაულია. ის ყოველთვე ჯვართამაღლების მომდევნო დღეს იწყებოდა და სამ კვირას გრძელდებოდა. ამჟამად დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა კოვიდ რეგულაიების დაცვით შესრულდება.
ალავერდობა ალავერდის ტაძრის კარზე იმართება, მონასტრის დამაარსებლის იოსებ ალავერდელის სახელზე. წმინდა იოსებ ალავერდელი თორმეტ ასურელ მამასთან ერთად საქართველოში მე-6 საუკუნეში შემოვიდა. იგი იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო. წმ. იოსები ღვთის ნებით კახეთს, სწორედ იმ ადგილას დაემკვიდრა, სადაც დღეს ალავარდის ტაძარია. გადმოცემით, იოსები განუშორებლად თან ატარებდა ჯვარს, რომელიც გამოთლილი იყო იმ ხის ჯვარისგან, რომელზეც უფალი აწამეს.
მაშინ ალავერდი უდაბური, კაცთაგან უვალი და უნაყოფო ადგილი იყო. დიდი შრომის შემდეგ მამა იოსებს უფალმა მოუვლინა ერთი დიდებული მონადირე, რომელიც მრავალი ყმის თანხლებით იმ მიდამოებში სანადიროდ იყო გასული. დიდებულმა მონადირემ აღუთქვა მამა იოსებს, რომ ალავერდის უდაბნოში ტაძარს ააშენებდა და საფუძველი დაუდო ალავერდის მონასტერს.
მალე წმ. იოსების ღვაწლით იმ მხარეში ურწმუნოება აღმოიფხვრა და ღვთისმსახურება განმტკიცდა. წმინდა მამა მისსავე აშენებულ ალავერდის ტაძარშია დაკრძალული. ღირსი მამის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულება.ალავერდობასთან დაკავშირებული იყო ტრადიციული ბაზრობაც, რომელმაც XIX საუკუნის II ნახევრიდან მასშტაბური ხასიათი მიიღო. მთავრობისგან მიცემული გეგმით აშენებდნენ დუქნებს, ალავერდის გარშემო არსებული მოედანი დაყოფილი იყო ქუჩებად, სადაც სხვადასხვა საქონლით მოვაჭრეებს საკუთარი ადგილი ჰქონდათ მიჩენილი. წესრიგის დასაცავად ახლომახლო სოფლების სამამასახლისოებიდან თითო კაცს ირჩევდნენ, რაც დღეობაზე სიმშვიდეს უწყობდა ხელს. ბაზრობაზე თუშებს გასაყიდად ჩითები, ყველი, კარაქი ჩამოჰქონდათ; ფშავლებს – იარაღი, ნაჭერი, ნაბადი, ქეჩა; ხევსურებს ჩამოჰყავდათ საქონელი; სომხებს ხმალი, ტკბილეული, ტყავის ჩექმები, თბილი ტანსაცმელი და მრავალი ევროპული საქონელი მოჰქონდათ გასაყიდად. ეს საქონელი ან ნაღდ ფულზე იყიდებოდა, ან იცვლებოდა. ქართველი მეფეები ხელს უწყობდნენ ამ სადღესასწაულო ბაზრობას, რადგანაც იგი სხვადასხვა ერისა და რელიგიის ხალხთა დაახლოებისა და გაერთიანების კარგ საშუალებად მიაჩნდათ.
ალავერდობის დღესასწაულს რიტუალური დასასრული ჰქონდა: ეკლესიის ეზოში 200–300 თუში ცხენოსანი იკრიბებოდა და ომში დაღუპულთა სულებისათვის „დალაის“ სიმღერით გარს უვლიდა ალავერდის ტაძარს.
აღსანიშნავია, რომ 1962 წელს გიორგი შენგელაიამ გადაიღო ფილმი „ალავერდობა“ გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.
„მან არ იცის კახეთი, ვისაც, ცივ-გომბორის ქედზე შემდგარს, არ დაუნახავს ალაზნის ჭალიდან ამოვარდნილი ალავერდი და მას არ განუცდია იმ დაუოკებელი კახური ვნების სიმძაფრე, ვისაც, თავისი ფეხით ავარდნილს ალავერდის თავზე, გუმბათიდან არ დაუნახავს ერთმანეთზე მიყრილი და უსასრულობამდე გაშლილი სოფლები, სავსე და დიდებული, ჩაფლული გაუთავებელ ვაზის ხეივნებში“
გურამ რჩეულიშვილი – „ალავერდობა“