რა უნდა ვიცოდეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე – ბლოგი
არჩევნები, პოლიტიკური უფლებები და ქვეყნის მართვაში მოსახლეობის მონაწილეობა დემოკრატიის უმთავრესი კომპონენტებია.
მოქალაქის უფლება აირჩიოს ხელისუფლება ანუ თავისი წარმომადგენლების მეშვეობით განახორციელოს ძალაუფლება, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს მიეკუთვნება. ამიტომ knews.ge გაწვდით ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე გარკვეულ ინფორმაციას, რისი ცოდნაც გამოგადებათ და წლევანდელ არჩევნებზე ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით.
არჩევნებს ნიშნავს თვითმმართველი ქალაქის მერი, თვითმმართველი თემის გამგებელი, რომელიც ირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით 4 წელიწადში ერთხელ. არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 60 დღისა.
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს − თვითმმართველი ქალაქის მერად, თვითმმართველი თემის გამგებლად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისთვის შეუსრულდა 25 წელი და რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც, ხოლო არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში. რაც შეეხება მოქალაქეების უფლებებს. აქტიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომლის რეგისტრაციის ადგილი მიეკუთვნება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ საზღვრებს.
ასევე აუცილებელია იცოდეთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს − თვითმმართველი ქალაქის მერის, თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნებისთვის ყოველი დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეული წარმოადგენს ერთ საარჩევნო ოლქს. რაც შეეხება მერის/გამგებლის არჩევნების შედეგებს. ადგენს და აჯამებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, არჩევნების შედეგებს კი ადგენს ცესკო. მერის/გამგებლის არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენები.
თუ მერის/გამგებლის არჩევნებში კანდიდატმა ვერ მიიღო საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური. მასში კი მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ორზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა, ან ერთი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღო, მეორე ტურში ყველა ეს კანდიდატი მონაწილეობს.
არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო. თუ კანდიდატებმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღეს, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.