ახალი ამბები

როგორი იყო კახეთში ფერმერებისთვის ატმის და ვაშლატამას სეზონი

როგორც ყოველ წელს, კახეთის რეგიონში, ატმის და ვაშლატამის სეზონმა გარკვეული პრობლემების ფონზე ჩაიარა.

რეგიონში მცხოვრები ფერმერების თქმით, მოსავალი წელს ბევრი მიიღეს, თუმცა ხილი იაფად იყიდებოდა, რის გამოც ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფერმერების განცხადებით, მათმა უმეტესობამ მოკრეფილი ატამი რომელიც ვერ იყიდებოდა, ნაგავში გადაყარეს.

,,ყოველ წელს ასეთი მდგომარეობაა. მოდის მოსავალი და ვერ ვყიდით. თავიდან ჰქონდა ფასი ატამსაც და ვაშლატამასაც, შემდეგ კი როცა მეტი დაიკრიფა, ფასი დაეცა და უმეტესობამ მოკრეფილი მოსავალი ნაგავში გადაყარა. როგორ შეიძლება ეს პრობლემა მუდმივად გვქონდეს? ხან ვფიქრობ, რომ აღარ მოვუარო ატმის ბაღს, აღარ მოვიყვანო მოსავალი, რადგან რა თანხასაც მოვლაში ვხარჯავთ, ვერ ვინაზღაურებთ”,- განუცხადეს Knews.ge-ს სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებმა ფერმერებმა.

მოსავლის რეალიზაციის პრობლემაზე სხვა ფერმერებიც ამახვილებენ ყურადღებას. მათი განმარტებით, გარკვეული პერიოდის მანძილზე, როცა ატმის და ვაშლატამას მოსავალი ყველაზე მეტი იკრიფებოდა, სამაცივრე მეურნეობებმა გურჯაანში ხილის მიღება შეაჩერეს. მათი თქმით, მიზეზი ხილის რუსეთის ბაზარზე გატანის პრობლემა გახდა.
ფერმერების თქმით, ის სამაცივრე მეურნეობები, რომლებიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუშაობდნენ, მხოლოდ მაღალი ხარისხის მოსავალს იღებდნენ.

,,ყიტაანის პუნქტებში ატამს აღარ იბარებდნენ, რუსეთმა საზღვარზე კონტროლი გაამკაცრაო გვეუბნებოდნენ. მოსავლის ფასმაც სწორედ მაშინ საგრძნობლად დაიწია. თუ პროდუქტის საბითუმო ფასი 2-დან 2.50 თეთრამდე მერყეობდა, მაშინ 70 თეთრი და უფრო ნაკლებიც ღირდა. სწორედ ამიტომ დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე ვართ, რადგან ეს ბაღები ბანკის ვალებით მოგვყავს”- აცხადებენ გურჯაანში მცხოვრები ფერმერები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოდან ატმის, ვაშლატამასა და ლურჯი მოცვის ექსპორტი შეუფერხებლად ხორციელდება, თუმცა რუსეთის ფედერაციაში პესტიციდების გამოყენების რეგლამენტის დაცვისა და პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმები გამკაცრდა.

,,ახალი რეგულაცია მოქმედებს როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე იმპორტირებულ პროდუქციასთან მიმართებაში. იმპორტირებული პროდუქციის კონტროლის მიზნით, „როსსელხოზნადზორი“ უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მწარმოებელი ქვეყნიდან პესტიციდების გამოყენების რეგლამენტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია და კვლევები გამოითხოვოს“, – აცხადებენ სურსათის ეროვნული სააგენტოში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ატმის მოსავლის აღებისა და რეალიზაციის პროცესი კახეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობდა.

„ქართული პროდუქციის ექსპორტი ყოველდღიურ რეჟიმში შეუფერხებლად ხორციელდება რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. არსებული მონაცემებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მაჩვენებლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18-ჯერ არის გაზრდილი. მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა წელსაც „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ხდება და აღნიშნულ პროცედურას, მთელი სეზონის განმავლობაში, სპეციალური სამუშაო ჯგუფი ახორციელებს. ამავდროულად, რეგიონში შექმნილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ფუნქციონირებს სამაცივრე, მიმღები და გადამმუშავებელი საწარმოები, სადაც აქტიურად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მოსავლის ჩაბარების პროცესი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით საქართველოდან 16 მილიონ 9 ათასი აშშ დოლარის ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული.

,,მიმდინარე წლის 1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა 18.9 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 16 მილიონ 9 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. 
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 6.3 ათასი ტონით, ხოლო ღირებულება – 5 მილიონ 9 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა. ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთსა (11,935) და სომხეთში (5,872 ტონა), ასევე, მცირე რაოდენობით აზერბაიჯანში (269 ტონა), უკრაინაში (493 ტონა) ბელარუსში
(99 ტონა), ყაზახეთში (95 ტონა), მოლდოვასა (116 ტონა) და სლოვენიაში”,
– აცხადებენ სამინისტროში.

ფოტო: არქივიდან