შესაძლოა, მომდევნო კვირიდან ვაქცინაცია რეგისტრაციის გარეშეც გახდეს შესაძლებელი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილს თამარ გაბუნიას ინფორმაციით, მომდევნო კვირიდან ვაქცინაცია, სავარაუდოდ, რეგისტრაციის გარეშე იქნება შესაძლებელი.
მისივე თქმით, აღნიშნული შესაძლებლობის საჭიროება განსაკუთრებით იმ რეგიონებშია, სადაც აქტივობა დაბალია.
“გეგმა გვაქვს და ვფიქრობთ, როცა რეგისტრაციის პირველი ნაკადი დასრულდება ანუ მომდენო კვირიდან გაიხსნას ადგილზე მისვლის შესაძლებლობა, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც აქტივობა შედარებით დაბალია და კლინიკებს შეუძლიათ, მიიღონ რეგისტრაციის გარეშე მისული მოქალაქეები; ასე რომ, ეს მექანიზმიც გააქტიურდება. დოზები ნამდვილად საკმარისია იმისთვის, რომ მიწოდების პრობლემა არ შეიქმნას და ასევე, ველოდებით დამატებით დოზებს მილიონიანი კონტრაქტის ფარგლებში”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის განმარტებითვე, ყოველდღიურად, სხვადასხვა ლოტით “ფაიზერის” ვაქცინა დაემატება რეგისტრაციას, თუმცა მოქალაქეებმა პორტალი უნდა აკონტროლონ, რათა ვაქცინაციაზე დარეგისტრირდნენ.