უმუშევრობის დაზღვევა შესაძლოა სავალდებულო გახდეს
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში უმუშევრობის სავალდებულო დაზღვევის მექანიზმის ამოქმედებას განიხილავს. დაზღვევის ახალი კომპონენტის შემოღება ახალი სოციალური კოდექსის ფარგლებში იგეგმება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას თქმით, კოდექსი მოიცავს სადაზღვევო რეფორმას და დაზღვევის ახალი კომპონენტების განხილვას, როგორიცაა სავალდებულო სამედიცინო, სოციალური, უმუშევრობის, უბედური შემთხვევების და დროებითი შრომის უუნარობის დაზღვევა.
„კოდექსზე მუშაობის ძირითადი მიზანი არის ის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის, მათი ცხოვრების თითოეულ ეტაპზე იყოს შესაბამისი დაცულობა და ეს დაცულობა თავის თავში მოიაზრებს როგორც ფულად გასაცემლებს, ასევე ჯანდაცვის საჭიროებების დაკმაყოფილებას, შრომის ბაზრის პოლიტიკას და დასაქმებაში ხელშეწყობას, ისევე როგორც უმუშევრობის რისკების დაზღვევას და გადაზღვევას“,- განაცხადა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ.
ამ ეტაპზე უცნობია უმუშევრობის სავალდებულო დაზღვევის რა მოდელს აირჩევს მთავრობა. სხვადასხვა ქვეყანაში უმუშევრობის დაზღვევის დაფინანსების განსხვავებულ მეთოდებს იყენებენ. მათ შორის დაზღვევა ფინანსდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისე დამსაქმებლების და დასაქმებულების შენატანებიდან. ხშირად დაფინანსება სამივე მხარის მიერ ხდება, როგორც ეს საპენსიო შენატანების შემთხვევაშია.
პროფესიული კავშირების გაერთიანების ეკონომიკური ანალიტიკოსი გიორგი ჭანტურიძე აცხადებს, რომ იმის გამო, რომ საპენსიო რეფორმის ფარგლებში როგორც დამსაქმებელს, ისე დასაქმებულს 2%-იანი კონტრიბუციის გაღება უკვე უწევს, საქართველოს პროფესიული კავშირი უმუშევრობის სავალდებულო დაზღვევის მოდელს არ ემხრობა. მათი პოზიციაა, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფომ თავად უნდა იკისროს უმუშევრობის არა დაზღვევის, არამედ შემწეობის გადახდა იმ პირებისთვის, რომლებიც სამუშაოს დაკარგავენ.
„ვთვლით, რომ სახელმწიფომ და ბიუჯეტმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე უმუშევრობის შემწეობის გადახდა, თუმცა ეს არ იქნება დიდი წნეხი იქიდან გამომდინარე, რომ შემწეობის გაცემის პერიოდი იქნება შეზღუდული 6 თვით და ეს შეეხება მხოლოდ მათ, ვინც მუშაობდა და შემდგომ დარჩა უმუშევარი და არა მათ, ვინც ქვეყანაში ზოგადად უმუშევარია“, – აცხადებს გიორგი ჭანტურიძე.
bm.ge-ს ინფორმაციით, კერძო სექტორი უმუშევრობის დაზღვევის სავალდებულო კომპონენტის შემოღებას და ბიზნესის სადაზღვევო შენატანების დავალდებულებას არ ემხრობა. დამსაქმებელთა ასოციაციის პოზიციაა, რომ უმუშევრად დარჩენის რისკი დასაქმებულმა თავად უნდა გადააზღვიოს ხელფასის დაზღვევის სახით.
2021 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით ქვეყანაში მილიონ 129 ათასი ადამიანი დასაქმებულია, 317 ათას 500 ადამიანი კი უმუშევარი. ამ პერიოდში ქვეყანაში ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონე გვაქვს და 21,9%-ს შეადგენს. რამდენად ექნება გავლენა ახალ სოციალურ კოდექსს ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე, ამას დრო აჩვენებს.
„სოციალური კოდექსის“ 2-წლიან პროექტის განხორციელებაში საქართველოს ვროკავშირი, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოები ეხმარებიან. “სოციალურ კოდექსზე“ მუშაობა 2023 წელს უნდა დასრულდეს.