ახალი ამბები

პანდემიის დროს დაჯარიმებული 245 ათასზე მეტი ადამიანი ჯარიმებისგან გათავისუფლდება

პანდემიის პირობებში გამოწერილი ჯარიმები გაბათილდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ჩემი ინიციატივით, პარლამენტს უკვე წარედგინა ორი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ამნისტია შეეხება და ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება 245 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე და 344 იურიდიული პირი.

საუბარია პანდემიის პერიოდში იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.

პანდემიის პერიოდში არაერთი ჩვენი მოქალაქე და ბიზნესი დაზარალდა და აღნიშნული სახდელები მათთვის დამატებითი ტვირთია. რა თქმა უნდა, ვირუსის მართვის დროს აუცილებელია რეგულაციების დაცვა, თუმცა მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება და ეს ინიციატივა სწორედ ამით არის განპირობებული“. – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, პირებს, რომლებსაც პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ.