ახალი ამბები

გაიცანით ახალგაზრდა პოეტი სოფელ შილდიდან

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მცხოვრები ახალგაზრდა გიორგი ზუბიტაშვილი ლექსებს პატარაობიდან წერს. მისი ლექსები მუნიციპალურ გაზეთში იბეჭდებოდა. ის ასევე არის ყვარლის ახალგაზრდა კალმოსანთა კლუბის „კალამოედნის“ წევრი და ილია ჭავჭავაძის გაზეთ „ივერიის სახელობის“ პროზა-პოეზიის პრემიის ლაურიატ-ორდენოსანი.

ახალგაზრდა ამბობს, რომ ლექსების წერა პატარა ასაკიდან დაიწყო და ეს მისი ცხოვრების თანამგზავრია.

,,ვწერ ლექსებს, იშვიათად მოთხრობებსაც. თუმცა ჩემ ცხოვრებაში უპირველესი მაინც პოეზიაა. თითქმის ჩემი ნახევარი ცხოვრების თანამგზავრია კალამი. 11 კლასი მშობლიურ სოფელში, შილდაში დაამთავრე. სასკოლო განათლება ქალაქ ყვარლის №1 საჯარო სკოლაში დავასრულე 2020 წელს. 2019 წლიდან გახლდით ყვარლის ახალგაზრდა კალმოსანთა კლუბის „კალამოედნის“ წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობს არაჩვეულებრივი ქალბატონი, უთბილესი და შესანიშნავი პოეტი ლია გიგიტაშვილი. კლუბში ჩართულობისისას სისტემატიურად იბეჭდებოდა ჩემი ნაწარმოებები გაზეთ „ყვარლის ფურცლებზე“.
ამჟამად იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელი ვარ ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
დანამდვილებით არ მახსოვს პირველი ლექსი რა ასაკში დავწერე. ოჯახში ამბობენ, რომ ხუთი წლის ასაკში დამიწერია ლექსი, თუმცა პოეზიით ექვსი-შვიდი წლის წინ დავინტერესდი. ლექსთან ჩემი კავშირი განაპირობა ჩემი კლასელის გიორგი ჩახტაურის ნაჩუქარმა ლექსთა კრებულმა. ეს იყო პოეტ მინდია არაბულის კრებული „ჩემი დღეები“. ეს წიგნი, როგორც პოეზია ჩემი მეგზურია ყველგან. ახლა ვწერ, როგორც ამბობენ განვითარების, დახვეწის პროცესში ვარ, რაც ძალიან მახარებს”,
-განუცხადა knews.ge-ს გიორგი ზუბიტაშვილმა.

ახალგაზრდა პოეტი ამბობს, რომ 700-ზე მეტი ლექსი აქვს დაწერილი, რომელიც ეხება ბუნებას, სიყვარულს, ადამიანურ გრძნობებს და კახეთს.

,,ლექსების რაოდენობა სამი წლის წინ დავთვალე და 500 იყო, მას შემდეგ სულ ვამბობ, რომ 500 ლექსი მაქვს, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან გაცილებით მეტი იქნება. რაოდენობაზე მნიშვნელოვანია ლექსში ჩაქსოვილი მუსიკალურობა და სათქმელი, რომელსაც განაპირობებს გარემოება, სადაც ავტორს უწევს ცხოვრება. ჩემი ლექსები ეხება ბუნებას და მის საოცარ სამყაროს. რა თქმა უნდა ჩემი ხედვით, ასევე ვწერ სიყვარულზე, ადამიანურ გრძნობებზე. ამ ბოლო დროს კახეთის სოფლების არქიტექტურამ იჩინა თავი ჩემს პოეზიაში, საოცარია კახეთის სოფლების არქიტექტურა, რომელიც „ლეკიანობიდან“ მოყოლებული დღემდე შევინარჩუნეთ. ეს ქვითკირის გალავნები, ციხე-სიმაგრეები. ეს ჩემთვის სიძველესთან ასოცირდება, რაც ძალიან პოეტურია. ამიტომ ვფიქრობ, კახური არქიტექტურის ასახვა ფურცელზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან იცვლება დრო და ამ ყველაფრის ნახვა მომავალ თაობებს აღარ შეეძლებათ. მე რაღა უფლება მაქვს ნაწერის სახით მაინც არ დავტოვო კახური სოფლის პეიზაჟები”,- აცხადებს გიორგი ზუბიტაშვილი.

გიორგი არის ილია ჭავჭავაძის პროზა-პოეზიის პრემიის ლაურიატ-ორდენოსანი. მისი ლექსები ასევე ნათარგმნია ინგლისურ ენაზე. მისი პირველი კრებული სხვა პოეტების ლექსებთან ერთად უკვე დაბეჭდილია. მისი განცხადებით, მეორე კრებული უახლოეს პერიოდში გამოიცემა. მან თქვა, რომ უახლოეს პერიოდში გამოიცემა მისი ლექსების კრებულიც, რომელზეც ბავშვობიდან ოცნებობდა.

,,ვარ ილია ჭავჭავაძის გაზეთ „ივერიის სახელობის“ პროზა-პოეზიის პრემიის ლაურიატ-ორდენოსანი, ამ პრემიით 2020 წელს დამაჯილდოვეს ქ. რუსთავში. რაც ჩემთვის დიდი სიხარულის და სტიმულის მომცემი იყო.
2020 წლის შემოდგომის ერთ დღეს სოციალურ ქსელში მივიღე ინფორმაცია, რომ ჩემი რამდენიმე ლექსი: ,,sonata”, ,,მგზავრი”, ,,საქართველო” და ,,მზე შენით ჩადის”, ითარგმნა ინგლისურ ენაზე. ეს ინფორმაცია თვითონ მთარგმნელმა ქალბატონმა მზია კვირიკაშვილმა მომაწოდა. ასევე ითარგმნა სხვა ქართველი პოეტების ლექსებიც და ორ კრებულად განაწილდა. პირველი კრებული უკვე გამოცემულია, ხოლო ჩემი ინფორმაციით ძალიან მალე გამოიცემა მეორე ანთოლოგიაც.

საავტორო კრებულის გამოცემა კი ჩემი ოცნება იყო, მაგრამ აქამდე ვერ შევძელი ამ ოცნების განხორციელება. ემიგრანტის ბატონის კობა ბუქვაიძის ხელშეწყობით, სულ რამდენიმე დღეში დაიბეჭდება პირველი კრებული „მზე ხელისგულზე ჩამომეღვარა“.
კრებულში შესულია 2018-21 წლებში დაწერილი ლექსები, როგორც ლირიკული, ისევე პეიზაჟური ხასიათის. ჯერ კიდევ გამოუცემელმა წიგნმა დიდი ინტერესი გამოიწვია მკითხველში. ჩემთვისაც ბედნიერებაა კრებულის გამოცემა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ბატონ კობას”,- განაცხადა გიორგი ზუბიტაშვილმა.

გთავაზობთ გიორგის ერთ-ერთ ახალ ლექსს:

არას მარგია მე ოქროს ჩინი, ოქროს ყვავილი ან ოქროს წერო, თუ სიყვარულის უკვდავი ჟინი, მოკვდავის ენით უნდა აღვწერო.
რად მინდა ოქრო – დამჭკნარი ჩალა, მე მირჩევნია ყვავილს ვეტრფოდე, ყვავილს, რომელიც მე დამემალა, და მომძახოდა; არ მომელოდე!..
მე მირჩევნია ამ ღვინის ძალა, ლექსში ტრფიალის თასით ჩავღვარო, ჯერ ჩემი ჩანგი არ დაიღალა, ისევ დუელში მიწვევს სამყარო. არა რას მარგებს ოქროს ფლეიტა, მე სალაღობოდ ვარჩევ სალამურს, შენს დავიწყებას თუნდაც დღეიდან, ვერ ვაპატიებ თვალებს დანამულს.
არას მარგია მე ბროლის ჭაღი, არც რა სასახლე – თეთრი ვერსალი, მე მირჩევნია დღეები ლაღი და ღამე, ღამე ნაალერსალი.